თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით სექტემბრიდან დამატებით შვიდი ახალი რეისი განხორციელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მომსახურების მიზნით ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურული მშენებლობა განხორციელდება, განაცხადა პრემიერმა.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 23 სექტემბრიდან ევროპის მიმართულებით დამატებით 7 რეისი შერულდება. ქუთაისიდან დღეს ჩვენ გვაქვს ოთხი მიმართულება ევროპისკენ, დაემატება 7 მიმართულება და უკვე 11 მიმართულება იქნება, რაც, ფაქტობრივად, ევროპაში შეღავათიანი ფასით ფრენის საშუალებას იძლევა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს ავიაბაზარზე 30 ავიაკომპანია ოპერირებს. აქედან 29 უცხოურია, ხოლო ერთი — ქართული. ავიაკომპანიებმა 2016 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1,1 მლნ ადამიანი გადაიყვანეს, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21,3%-ით მეტია.
კონკრეტულად ქუთაისის აეროპორტის მომსახურებით ამ პერიოდში ისარგებლა 95,4 ათასმა ადამიანმა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია.