თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის ქალაქ კელნში Skytrax World Airport Awards 2016-ის გამოკითხვაზე აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მესამედ დასახელდა.
მგზავრთა გამოკითხვის თანახმად, 2016 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდა ბუდაპეშტის ფერენც ლისტის, კიევის ბორისპოლის, ტალინის, რიგის, ბრატისლავას, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ტირანას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს 1,8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა – სწორედ მათი გამოკითხვის შედეგად დასახელდა თბილისის აეროპორტი 2016 წელს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ TAV Georgia – ს ოპერირებაში მყოფმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, მგზავრების ნდობასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტის ტიტული ზედიზედ მესამედ დაიმსახურა”, – განაცხადა TAV Georgia – ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს. World Airport Awards მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობა.
გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს 39 პუნქტის მეშვეობით აფასებენ. დაწყებული სარეგსიტრაციო პროცედურებით, მოფრენით, ტრანსფერით, სავაჭრო ობიექტებით, უსაფრთხოებით, იმიგრაციით და დასრულებული გაფრენით.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, დსთ-ის ყოფილ ქვეყნებს შორის, 2010 წელს დუბაიში ჯილდო მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო განვითარებადი აეროპორტი“, ხოლო 2011 წელს ასევე დუბაიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა „საუკეთესო აეროპორტი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში“.
2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი “Golden Brand 2011” – ის ნომინაციაში „საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სერვისი“ გამარჯვებულად დასახელდა. 2013 წელს კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი „The Routes Airport Marketing Awards”-ზე დასახელდა „როგორც საუკეთესო აეროპორტი მარკეტინგის სფეროში“, 2014 წელს ბარსელონაში, ხოლო 2015 წელს პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards“ დაჯილდოებებზე აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი ორჯერ გახდა.
TAV Urban Georgia-ს მმართველობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 1 ნოემბერს 20 წლის ვადით გადავიდა. შეთანხმების ახალი ვერსიით კომპანიის ოპერირების ვადა 2027 წლამდე გაიზარდა.