თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თბილისში „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ პრიზების გადაცემის ცერემონია ჩატარდა, განაცხადა დიასპორული ორგანიზაციის „მე დავბრუნდები“ თავმჯდომარემ ინა ასანიძემ.
პრიზები გადაეცა 12 ემიგრანტ ქალბატონს, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიების გამო ჩამოვიდნენ. გამარჯვებულები უცხოეთში არსებულმა ქართულმა სათვისტომოებმა შეარჩიეს იმ მიღწევების მიხედვით, რასაც მათ უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მიაღწიეს.
ემიგრანტი ქალები მსოფლიოს ცხრა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ: მაკა კვერენჩხილაძე (აშშ), მანანა სულაქველიძე (უკრაინა), ცუცა კაპანაძე (აშშ), ირმა შიოლაშვილი (გერმანია), ზოია სულხანიშვილი (საბერძნეთი), მერი ამშიკაშვილი (ისრაელი), მარინე წიქორაძე (ესპანეთი), მაია გუბელაძე (ესპანეთი), მაია კობახიძე (თურქეთი), დარეჯან ღამბაშიძე (საბერძნეთი). გარდა ამისა, წარმატებულ ემიგრანტ ქალად დასახელდა (გარდაცვალების შემდეგ) თამუნა სირბილაძე ავსტრიიდან, ჯილდო დედამისს გადაეცა.
„წელს უკვე მეორედ ვცდილობთ დავაფასოთ შრომა და საკუთარ ქვეყანაში ვაღიაროთ ემიგრანტი ქალები, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და სხვადასხვა ქვეყანაში გმირულ საქმეს აკეთებენ. ამით ჩვენ მათ დიდ სტიმულს ვაძლევთ, რათა მათ უფრო მეტი საქმის გაკეთება შეძლონ… როდესაც შენ ქვეყანაში ხელისუფლება გაღიარებს, სხვა ქვეყნებში უფრო მეტად გაღიარებენ. თავად ექვსი წლის განმავლობაში ვიყავი ემიგრანტი ამერიკაში და ვიცი, რას ნიშნავს იყო ემიგრანტი, განსაკუთრებით, ქალისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათი შრომის დაფასება და ვაპირებ ეს დღესასწაული ყოველ წელს გაზაფხულზე მოვაწყო“, — განაცხადა ასანიძემ.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.
წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია საქართველოში უკვე მეორედ ტარდება, ის ტრადიციული გახდა და ყოველ წელს ჩატარდება.
ღონისძიება ორგანიზებულია დიასპორული ორგანიზაციის „მე დავბრუნდები“ მიერ საქართველოს მთავრობისა და „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით.