თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოვიდა ახალი ინიციატივით სახელწოდებით „საქართველო გელოდებათ“, რომლის ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი თანამემამულეები საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
ამისთვის საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდება „ცხელი ხაზი“. სატელეფონო კონსულტაციები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტში, ასევე დაბრუნდნენ სამშობლოში. პროგრამა ასევე მიმართული იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი თანამემამულეების დახმარებაზე.
„უკლებლივ ყველა საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, მყისიერად აცნობონ სამინისტროს საკუთარი პრობლემების შესახებ“, — განაცხადა ჯანელიძემ თბილისში, დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით მისთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რომელთან გამკლავებაც უწევთ დიასპორის წარმომადგენლებს.
კონფერენცია „ქართული დიასპორა — გამოწვევები და შესაძლებლობები“ 17 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა განათლება, მეცნიერება და ინვესტიციები. კონფერენციის მიზანია ქართული დიასპორის პოტენციალის გამოვლენა და მათი ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში.
ამჟამად ქართველ ემიგრანტებში გამოარჩევენ ორი სახის დიასპორას. არსებობს ისტორიული დიასპორა — ეს ის თანამემამულეები არიან, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ (რუსეთი, ისრაელი, საბერძნეთი და სხვა), ან საქართველოდან 1990 წლამდე წავიდნენ — ასეთი მილიონზე მეტი ადამიანია. ამას გარდა, არიან თანამედროვე ემიგრანტებიც — ისინი, ვინც 1990 წლის შემდეგ წავიდნენ — ასეთი დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია.