თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუქმდება და სტრუქტურა ფუნქციონირებას საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში განაგრძობს, განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ მთავრობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის, სხვადასხვა უწყების გაერთიანებით.
„საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართულობისთვის, სახალხო დიპლომატიის გასაძლიერებლად, პრობლემების გადაწყვეტისთვის, რომლებიც ჩვენს დიასპორას აწუხებს, მათი ჩვენ საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია ამ რესურსების გაერთიანება და ამით საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა“, — განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.
ინფორმაცია უწყებების გაერთიანების თაობაზე დაადასტურა სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემაც.
„დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ასევე დინამიურად გააგრძელებს მუშაობას უფრო მაღალ დონეზე, დიპლომატიურ არენაზე — საგარეო საქმეთა სამინისტროში“, — აღნიშნა დუმბაძემ.
თავად სახელმწიფო მინისტრიც კარიერის გაგრძელებას დიპლომატიურ სამსახურში აპირებს.
„წლების განმავლობაში მე ვიყავი საკადრო დიპლომატი, ნამუშევარი მაქვს ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში, ვმუშაობდი დიპლომატად და, დიდი ვარაუდით, რამდენიმე თვეში დავუბრუნდები დიპლომატიურ სამსახურს“, — განაცხადა დუმბაძემ.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლიდან ფუნქციონირებს.