თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ოფიციალურად შეაჯამებს.
საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომელიც საქართველოში ორ ტურად – 8 და 30 ოქტომბერს გაიმართა, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ლიდერიც გიორგი კვირიკაშვილია, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა (115 ადგილი) და მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების უფლება მოიპოვა. პარლამენტში მეორე მნიშვნელოვანმა ძალამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 მანდატი მოიპოვა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ – 6 მანდატი.
საკანონმდებლო ორგანოში ერთი დეპუტატი ჰყავთ „მრეწველებსაც“ და ასევე დეპუტატი გახდა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარა კენჭი.
კანონმდებლები პირველი სხდომაზე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატებს მოუსმენენ.
ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი თამარ ჩუგოშვილი. მმართველმა პარტიამ უკვე დაასახელა კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურები.