თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სანამ მმართველ პარტიაში «ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელთა კანდიდატურებზე, მედია თავის ვერსიებს ახმოვანებს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტი 19 ნოემბრამდე შეიკრიბება.
წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების ორი ტურის შედეგებით, 150-დან 115 ადგილი მიიღო პარლამენტში, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შესაძლებლობას ნიშნავს.
პარლამენტის სპიკერის პოსტზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ივარაუდება, ხოლო ვიცე-სპიკერებად — გია ვოლსკი და თამარ ჩუგოშვილი.
გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილს, რომელიც ადრე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობასაც უწინასწარმეტყველებენ.
ამ კომიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ეკა ბესელია, მედიის ვერსიით, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო უმრავლესობას სათავეში სავარაუდოდ შსს-ს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ჩაუდგება. ასევე სავარაუდოდ, ადვოკატი მამუკა მდინარაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდება.
იგი ამ პოსტზე გია ვოლსკის შეცვლის.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანი სოფო ქაცარავა სავარაუდოდ თედო ჯაფარიძის ადგილს დაიკავებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი სამი კანდიდატურა განიხილება: ამჟამინდელი თავმჯდომარის — დიმიტრი ხუნდაძის, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი მდივნის მარიამ ჯაშის და ექიმ აკაკი ზოიძის.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპროცედურო წესებისა და საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ახალ პარლამენტშიც შეინარჩუნებს თანამდებობას.
ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს შესაძლოა მომღერალმა ზაზა ხუციშვილმა ან Caucasus Minerals-ის დამფუძნებელმა კახა კუჭავამ უხელმძღვანელოს.
პრესის ვერსიით, პარლამენტის ამჟამინდელი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არც ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე არ იქნება წარდგენილი. ასევე უცნობია შეძლებს თუ არა თანამდებობის შენარჩუნებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა კვირის ბოლოსთვის იგეგმება.