თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. უახლოეს მომავალში ქართველი ემიგრანტების შვილები ქართული ენის უფასო დისტანციური ონლაინ-გაკვეთილების მიღებას შეძლებენ, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ პროექტის „ქართული ენის ონლაინ-სწავლება საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის“ მენეჯერმა ნინო ჭანტურიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა შესწორებებს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც დისტანციურად სწავლებისა და მოსწავლეთა შეფასების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.
„საქართველოს განათლების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურასთან, რომელიც დიასპორის საკითხებით არის დაკავებული, ასევე საქართველოს საელჩოებთან სხვადასხვა ქვეყანაში, რათა მათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ინფორმაცია მიაწოდონ ქართული ენის დისტანციური გაკვეთილების შესახებ. კლასები ასაკისა და ქართული ენის ცოდნის დონის მიხედვით დაკომპლექტდება“, — განაცხადა ჭანტურიამ.
მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა სისტემაში თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს გახდის.
„ჩვენი მიზანი, ძირითადად, ისაა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მომავალში ამ მეთოდის დახმარებით მათთვის საქართველოს ისტორიის სწავლებას ვგეგმავთ“, — აღნიშნა ჭანტურიამ.