თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თურქეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში ომარ ჩელიკმა განაცხადა, რომ დაწყებული დიპლომატიური სკანდალის ფონზე ანკარა ნიდერლანდების მიმართ სანქციებს „უსათუოდ“ შემოიღებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.
ნიდერლანდების შსს–ს თანამშრომლებმა როტერდამში თურქეთის გენერალური საკონსულოს რეზიდენციასთან ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში თურქეთის მინისტრის ფატმა ბეთიულ საიან კაიას ავტომობილს გზა გადაუღობეს. შესვლა ასევე აეკრძალათ თურქ ჟურნალისტებს, რომლებიც კაიას ნიდერლანდებში ვიზიტის გაშუქებას აპირებდნენ.
მანამდე ჰოლანდიის ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თვითმფრინავის დაშვება აკრძალა, რომელიც როტერდამში შაბათს მიტინგზე დასწრებას გეგმავდა, რათა ამ ქვეყანაში თურქეთის მოქალაქეებისთვის 16 აპრილს რეფერენდუმზე გატანილი საკონსტიტუციო შესწორებების შესახებ ინფორმაციის მიეწოდებინა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვებულების შემდეგ ნიდერლანდების ელჩის დაბრუნება ქვეყანაში არასასურველია.
მოგვიანებით თურქეთმა ნიდერლანდებისთვის მიმართულ დიპლომატიურ ნოტაში ვენის კონვენციის დარღვევის შესახებ განაცხადა.
შექმნილ სიტუაციაზე ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში, იოჰანეს ჰანი.
„ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს თავი შეიკავოს ზედმეტი განცხადებებისა და მოქმედებებისგან, რომლებსაც სიტუაციის კიდევ უფრო მეტი გამწვავება შეუძლიათ“, — ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თუ 16 აპრილს რეფერენდუმზე გატანილი საკონსტიტუციო შესწორებები მიღებული იქნება, ისინი შეფასდება თურქეთის როგორც ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყნის და როგორც ევროსაბჭოს წევრის ვალდებულებათა ჭრილში.
რუსეთი მოუწოდებს ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ანკარას თავშეკავებისკენ, თურქეთსა და ნიდერლანდებს დაძაბულობის მოგვარებაში შუამავლები არ სჭირდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„რაც შეეხება თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას, ჩვენ მოუწოდებთ ჰააგასაც და ანკარას თავშეკავებისკენ, კონსტრუქტივიზმისკენ და ორ ქვეყანას შორის შექმნილი დაძაბულობის დეესკალაციისკენ“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან ასევე დაამატა, რომ „აქ შუამავლებში რაიმე საჭიროება არსებობს“. „ამ სიტუაციიდან გასვლა მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შეუძლიათ“, — ხაზი გაუსვა პესკოვმა.