საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრის გამო ეროვნული პირველობის II ტურის მატჩები მეორე პლანზე გადავიდა.
ფეხბურთელებმა დიდად არ გაახარეს ფანები და შეხვედრებში სულ რვა გოლი გაიტანეს.
ჩემპიონმა კვლავ წაიბორძიკა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „სამტრედიამ“ შინ „შუქურასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა. ბევრმა იფიქრა, რომ გუნდი ჯერ სეზონში ვერ შევიდა და მას მოსათელად დრო სჭირდება. შეეშალათ — ვის არ ემართება.
მაგრამ თამაშების მეორე დღეს „სამტრედია“ უბრალოდ განადგურდა და ისევ საკუთარ სახლში.
„ჩიხურასთან“ მატჩი საგოლე მომენტებით არ გამოირჩეოდა, თამაში მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა.
ასე გაგრძელდა, სანამ 67–ე წუთზე სტუმრების ნახევარმცველმა გიორგი კორიფაძემ საჯარიმოს ფარგლებს გარედან არ დაარტყა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა რეაგირებაც ვერ მოასწრო.
ეს II ტურის საუკეთესო გოლია, თანაც მან „ჩიხურას“ გამარჯვება მოუტანა.
თბილისური დერბი
თბილისის დერბი წელს პირველად მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა, რომელიც „ლოკომოტივისათვის“ მშობლიურია.
ამ შეხვედრის ნომინალურ სტუმრებს თბილისის „დინამო“ წარმოადგენდა, რომელიც თავს საკმაოდ შინაურულად გრძნობდა. დინამოელებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენეს.
მეორე ტაიმში, 57–ე წუთზე ნოდარ ქავთარაძე მარჯვენა ფლანგზე მარტო დარჩა, ირაკლი კომახიძის ჩაწოდება მიიღო და გოლიც გაიტანა.
„დინამო“ შეტევაზე გადავიდა, დროც საკმარისი ჰქონდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების სურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩი ასევე დასრულდა „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ ანგარიშით 1:0, „დინამომ“ კი ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა.
სამი გოლი ქობულეთში
ყველაზე შედეგიანი „კოლხეთსა“ და თბილისის „საბურთალოს“ შეხვედრა გამოდგა, რომელიც ქობულეთში „ჩილე არენას“ სტადიონზე შედგა.
აქაც ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. მასპინძლებმა ანგარიში მე–60 წუთზე გახსნეს, როდესაც „კოლხეთის“ სენეგალელმა ლეგიონერმა არფანგ დაფემ რამდენიმე მცველი მოატყუა და ზუსტი პასი გიორგი ჯანელიძეს მისცა, რომელმა გაიტანა კიდეც გოლი.
ჯანელიძემ 13 წუთის შემდეგაც ისახელა თავი და მეორე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი თავად დაფემ დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი თამაშია, როდესაც წითელი ბარათი იყო ნაჩვენები. პირველი ტაიმის დასაწყისში მინდვრიდან „საბურთალოს“ ნახევარმცველი ზურაბ არზიანი გააძევეს.
II ტურის ყველა მატჩის შედეგები::
"სამტრედია" — "ჩიხურა" 0:1
"ლოკომოტივი" — "დინამო" თბილისი 1:0
"კოლხეთი" — "საბურთალო" 3:0
"დილა" — "დინამო" ბათუმი 0:1
"შუქურა" — "ტორპედო" 1:1
ეროვნული ლიგის ბომბარდირთა სიის სათავეში არიან ირაკლი სიხარულიძე („ლოკომოტივი“) და გიორგი ჯანელიძე („კოლხეთი“), რომლებმაც ორ–ორი გოლი გაიტანეს.
„ჩიხურა“ ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუტანეს, ხოლო „დილა“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც გოლის გატანა საერთოდ ვერ შეძლო.
III ტურის მატჩები 18 და 19 მარტს შედგება.