თბილისი, 12 მარტი – Sputnik. თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედება წარდგენილი იქნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ხელოვნების ერთ–ერთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე – Art Dubai 2017.
თანამედროვე ხელოვნების რიგით მეთერთმეტე გამოფენა–ბაზრობა Art Dubai 2017 წლის 15–18 მარტს გაიმართება.
ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების ნიმუშთა მთავარი ბაზრობა არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კიდევ ერთხელ შეკრებს მხატვრებს მთელი მსოფლიოდან. წელს მასში მონაწილეობას იღებს 90 გალერეა მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იქნება როგორც მხცოვანი, ისე ახალბედა მხატვრების რამდენიმე ასეული ნამუშევარი.
ქართულ თანამედროვე ხელოვნებას Art Dubai 2017–ზე ლევან მინდიაშვილისა და კონსტანტინე მინდაძის ნამუშევრები წარმოადგენს. მათ თბილისური გალერეა Project ArtBeat წარადგენს, რომელიც სპეციალიზებულია საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მოღვაწეების საერთაშორისო არენაზე გაყვანაზე, ნათქვამია გალერეის განცხადებაში Facebook–გვერდზე.
ტრადიციულად, ბაზრობა Art Dubai სამ სექციად იყოფა. Modern–ზე წარმოდგენილია 1970–1980–იანი წლების სახელოვანი მხატვრების თაობა; Contemporary თანამედროვე მხატვრების, მოქანდაკეებისა და გრაფიკოსების ნამუშევრებს უყრის თავს, ხოლო Marker ექსპერიმენტული კატეგორიაა და როგორც წესი, ცალკეული რეგიონის ხელოვნებაზეა ფოკუსირებული.
ქართველი მხატვრების ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება სექციაში Contemporary, საგამოფენო ცენტრის Madinat Jumeirah დარბაზში.
ლევან მინდიაშვილი 1979 წელს თბილისში დაიბადა. ცხოვრობს და მუშაობს ნიუ–იორკში. სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა და გამოფენაში აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, უკრაინასა და საქართველოში. მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა წლებში გაიმართა ნიუ–იორკში, კელნში, ბუენოს–აირესსა და თბილისში
კონსტანტინე მინდაძე ასევე დაიბადა საქართველოში, მაგრამ მოგვიანებით ჰოლანდიაში გადავიდა, სადაც როტერდამში გრაფიკული ლიცეუმი და ამსტერდამში – გერიტ რიტველდის აკადემია დაამთავრა. მინდაძე არის ჰოლანდიის დედაქალაქში მხატვართა ასოციაცია Arti et Amicitiae–ს წევრი. ასოციაცია ქვეყანაში 1939 წლიდან ფუნქციონირებს.