გაცნობებთ, რომ ამ გამოფენისთვის მზადდება კატალოგიც, სადაც გამოფენაში მონაწილე მხატვრები შევლენ. ინფორმაციისთვის გამოფენის კურატორს მარიტა დამენიას ამერიკაში დავუკავშირდით.
– ქალბატონო მარიტა, როგორც ჩანს, სახელოვნებო კომპანია Madatart-ი მომავალშიც განაგრძობს თავის კულტურულ მისიას, ანუ ამერიკელებისთვის ნიჭიერი ქართველი მხატვრების გაცნობას…
— დიახ, კომპანია Madatart-ი ნიუ-იორკის საუკეთესო გალერეებთან თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს. შეგახსენებთ, რომ შემოდგომის საგამოფენო სეზონი გახსნა „ემანუელ ფრემინ გალერიმ“, სადაც ცნობილი არტისტების ნამუშევრების გამოფენები სისტემატურად იმართება. ამ გალერეამ ქართველ მხატვრებს სექტემბერში უმასპინძლა. რაც შეეხება მომავალ გამოფენას, რომელიც 6-11 დეკემბერსაა დაგეგმილი, ის ორსართულიან Artifact Gallery-ში გაიმართება. გამოფენის საზეიმო საღამო 7 დეკემბერს ჩატარდება. მინდა გითხრათ, რომ ის ქუჩა, სადაც ეს გალერეა მდებარეობს, ანუ Orchard street-ი ნიუ-იორკში საგამოფენო დარბაზებითა და კაფე-ბარებითაა ცნობილი. ეს ტურისტების საყვარელი ადგილია, სადაც შობის დღეებში ხელოვნების მოყვარული ბევრი ტურისტი იყრის თავს. თანაც, ეს გამოფენა ნიუ-იორკის საგამოფენო სეზონის დახურვას დავამთხვიეთ. დაახლოებით 20 დეკემბრიდან გამოფენები ქვეყნის სამხრეთით გადაინაცვლებს. გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი შემოგვიერთდნენ. შესარჩევ ჯგუფში მოსახვედრად საჭიროა გამოგვიგზავნონ ბიოგრაფია და სამი ნამუშევარი შემდეგ მისამართებზე: marita@madatart.com ან dameniaart@gmail.com
– ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ გამოფენაში ბატონი გია ბუღაძეც იღებს მონაწილეობას.
— დიახ და ეს ფაქტი ძალიან გვახარებს და ამ გამოფენასაც გარკვეულ განსაკუთრებულობას სძენს. გაგაცნობთ ამ გამოფენაში მონაწილე ქართველ მხატვრებს, ესენი არიან: ციური ჩაჩუა, ცირა ახობაძე, ნანა გაგოშიძე, ნინო ქურდაძე, მაკა ბერაძე, ნინო კიკვაძე, ლაშა ბერაია, პაპუნა დაბრუნდაშვილი მეუღლესთან თიკა გზირიშვილთან ერთად, დავით არბოლიშვილი, ნინო პაიჭაძე, ავთანდილ გახოკიძე, ალეკო აჭარაძე და ქალბატონი ირმა ქვლივიძე საბერძნეთიდან, რომელიც არაჩვეულებრივ პორტრეტებს ქმნის და გარდა ამისა ნიჭიერი ხატმწერიც გახლავთ. დეკემბერში ხელოვნების მოყვარულები ნიჭიერი მხატვრის, ბატონი რეზო მექვაბიშვილის ნამუშევრებსაც გაიცნობენ. ჩვენმა სახელოვნებო არტ-კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ამ რანგის გამოფენაში მონაწილეობის შანსს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ნიჭიერ მხატვრებსაც მისცემს.