თიბისი გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია შედგა

© FB/რუსუდან ფეტვიაშვილირუსუდან ფეტვიაშვილის ახალი ალბომი
რუსუდან ფეტვიაშვილის ახალი ალბომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაცია, რომელიც „თი-ბი-სი გალერეაში“ 25 ოქტომბრის ცივ, წვიმიან საღამოს შედგა, უამრავი გულშემატკივრის მიერ გამოხატულმა აღფრთოვანებამ გაათბო. ყველა მოუთმენლად ელოდა იმ წუთებს, როცა არაჩვეულებრივი ადამიანი - რუსუდან ფეტვიაშვილი იმ ხელით შემოხაზავდა ავტოგრაფს, რომლითაც თავის მშვენიერ, ღრმა და იდუმალ ნაწარმოებებს ქმნის.

„თი-ბი-სი გალერეაში“ რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებისა და მისი პირველი სრული ალბომის პრეზენტაციაზე იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ნემსს ვერ ჩააგდებდით. ბავშვობაში პატარა მხატვარს ვუნდერკინდი უწოდეს, მისი ნამუშევრები მას შემდეგ იფინებოდა და ამჟამად ინახება საფრანგეთის, შვეიცარიის, აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის და სხვა ქვეყნების პირად კოლექციებსა და გალერეებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მარგარეტ ტეტჩერის, ჯორჯ ბუშის, ილჰამ ალიევის, ტონინო გუერას და მსოფლიოში აღიარებული ბევრი სხვა პიროვნების პირად კოლექციებში.

© FB/რუსუდან ფეტვიაშვილიმხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ალბომის პრეზენტაციაზე
მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ალბომის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ალბომის პრეზენტაციაზე

მხატვარი გია გუგუშვილი, სამხატვრო აკადემიის რექტორი: რუსიკო გენიალურია და, იცით, როგორი? ხომ არის გალაკტიონი, ხომ არის ჯიმი ჰენდრიკსი?.. და არის რუსიკო ფეტვიაშვილი — არიან ასეთი ბუმბერაზები! რუსიკო ძალიან მაღალი რანგის ხელოვანია, უყურებ და შეუძლებელია მის ხაზს არ გაჰყვე, ძნელია სადღაც სუნთქვა არ შეგეკრას, სადღაც პაუზა არ გააკეთო. როგორი თვალწარმტაცია მისი ნამუშევრის პირველი აღქმა, ის აუცილებლად ჩაგითრევს. დიდი სიყვარულის მორევი — ეს არის რუსუდან ფეტვიაშვილი! ეს არის აღმოსავლური შეფერილობის ისეთი რანგის პოეზია, რომელსაც უნდა გაჰყვე, დატკბე და კომენტარი არ გააკეთო —  აი, ეს არის ჩემთვის ფეტვიაშვილი!

© FB/რუსუდან ფეტვიაშვილირუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციაზე
რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციაზე

– ქალბატონო რუსუდან, რა შეგრძნებაა, როდესაც ამდენი ხალხია ირგვლივ და ასეთი საზეიმო განწყობაა, მხატვრისთვის ეს რა არის?
რუსუდან ფეტვიაშვილი: ძალიან მიხარია… ამ ნამუშევრების გამოფენა დაკავშირებულია პირველი ალბომის პრეზენტაციასთან, რომელიც გამომცემლობა „არტანუჯის“ და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შედგა. სხვადასხვა გამოფენების კატალოგებში მოცემულია ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ეს პირველი ალბომია, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩემ შემოქმედებას მოიცავს — დაწყებული ბავშვობიდან, დამთავრებული დღემდე. დღეს ექსპერიმენტიც ჩავატარე — ერთი ნამუშევარი ჩარჩოს გარეშე დავკიდეთ. აქ ნახავთ ერთ ნამუშევარს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სპეციალურად პრეზენტაციისთვის გავაკეთე.
პროექტის ავტორი, გამომცემლობა „არტანუჯის“ წარმომადგენელი თამარ ლონდარიძე: რუსუდან ფეტვიაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები გამომცემლობა „არტანუჯმა“ ღია ბარათების კრებულების სერიაში — „ქართველი მხატვრები“ გამოაქვეყნა. მერე ბატონმა კახმეგ კუდავამ ჩაიფიქრა რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის გამოცემა. ამ პროექტზე, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა, თითქმის სამი წელი ვმუშაობდით. ალბომში იხილავთ სხვადასხვა დროს შექმნილ გრაფიკულ და ფერწერულ ტილოებს, ილუსტრაციებს.
მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო: რუსუდან ფეტვიაშვილს ვიცნობდი როგორც გრაფიკოსს. მან ძალიან ადრე, ბავშვობაში დაიწყო ხატვა, ის ვუნდერკინდი იყო. ჯერ კიდევ ბავშვს ისეთი ხაზი ჰქონდა, რომ ამ ტექნიკას ძალიან დიდი ოსტატებიც ვერ აღწევენ. ეს იყო საოცრება! მაგრამ დრო გავიდა და რუსუდანი სხვა ეტაპზე გადავიდა — ახლა მარტო ტექნიკა არ გაოცებს, დღეს მას სულ სხვა ამოცანები აქვს. სიუჟეტები რთულია და ღრმა შინაარსით დატვირთული. მისი შემოქმედება ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მას აქვს უსაზღვრო ფანტაზია, ის ჩუქურთმასავით აწყობს სურათს და იქ აქსოვს სხვადასხვა ხატებას — ეს განსხვავებული ნიჭია, ეს ყველა მხატვარს არ შეუძლია… ფანტაზია, არჩევანის თავისუფლება!

© FB/რუსუდან ფეტვიაშვილირუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციაზე
რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციაზე

ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი ენ ჩი: მე ადრეც მსმენია აღიარებულ ქართველ მხატვარზე რუსუდან ფეტვიაშვილზე, მერე მისი ნამუშევარი თბილისის ერთ-ერთ გალერეაში ვნახე, დავინტერესდი და მის შესახებ ბევრი რამ მიამბეს, ისიც მითხრეს, რომ ახლა პარიზში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები თითქმის ყველა გაყიდულია და ძალიან მაღალ ფასად.
აი, ახლა ვუყურებ და ნამდვილად ძალიან კარგი ნამუშევრებია, მას დიდი ნიჭი აქვს. მე დამპატიჟა გამომცემლობამ და „თი-ბი-სი ბანკმა“. რასაკვირველია, მეც სიამოვნებით მოვიდოდი და მის ნამუშევრებს ვნახავდი, იმიტომ რომ მისი გაცნობა მინდოდა. დღეს გახარებული ვარ — რუსუდანი გავიცანი! ნახეთ, ეს მისი ავტოგრაფია, რომელიც სპეციალურად ჩემთვის გააკეთა. მისი შემოქმედება მაგონებს აღმოსავლეთ ჩინეთის სტილსა და ცხოვრებას. ოღონდ არ ვგულისხმობ ფიგურებს, რომლებიც ძალიან ლამაზია, მე ვგულისხმობ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა მზე, თმა, მდინარე… ხელოვნებათმცოდნე არ ვარ, მაგრამ როგორც უბრალო ადამიანი, ჩინეთსა და საქართველოს შორის რაღაც მსგავსებას ვგრძნობ.
გამოფენა, რომელიც 25 ოქტომბერს გაიხსნა, 27 ოქტომბრის დღის 3 საათამდე გასტანს. თუ ამ დღეებში ალბომის შეძენას ვერ შეძლებთ, გაცნობებთ, რომ კატალოგი წიგნის მაღაზიებში გაიყიდება.

ყველა ახალი ამბავი
0