მხატვრებს შეუძლიათ არა მარტო ასახონ ცხოვრება, არამედ მისცენ ადამიანებს შესაძლებლობა, დატკბნენ სამყაროთი და უყვარდეთ ის. ამ დღესთან დაკავშირებით „Sputnik საქართველო“ მკითხველს სთავაზობს თანამედროვე ქართველი მხატვრების ტოპ-ათეულს — გაეცანით მათ და გაიგეთ, როგორია მათი მშვენიერი „შეჩერებული წამი“.
ზურაბ წერეთელი
მიუხედავად იმისა, რომ წერეთელი, უპირველეს ყოვლისა, განთქმულია, როგორც მოქანდაკე, ის თვითონ აღიარებს, რომ სულით ნამდვილი მხატვარია. მისი სურათები ფერის, ადამიანისა და ბუნების სილამაზის ნამდვილი ოდაა. წერეთელს უყვარს მზესუმზირების, რეალური ადამიანების არარეალური პორტრეტების, ასევე ცხოვრების უხილავი სიუჟეტების ხატვა, რომლებიც ასეთი მოულოდნელი, საყვარელი და ყოველთვის მნიშვნელოვანია. მისი შემოქმედების მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველო და მისი განუმეორებელი, მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება.
ნინო ჩაკვეტაძე
თანამედროვე საქართველოს ყველაზე კეთილი და თბილი მხატვარია. მისი სურათები არა მარტო ბედნიერი ბავშვობის, პირველი ტკბილი და მწარე ბავშვური განცდების, ლამაზი მოგონებებისა და ოცნების ხორცშესხმას წარმოადგენს, ჩაკვეტაძის ტილოები ნამდვილი ანტისტრეს-შემოქმედებაა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით განკურნების ეფექტის მქონე ტილოებით ნინო ჩაკვეტაძემ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი.
ლევან მოსიაშვილი
მხატვრის ოჯახიდან გამოსული თვითნასწავლი ფერმწერი, რომელიც სხვადასხვა სტილში ხატავს. ორ ქვეყანაში — საქართველოსა და საფრანგეთში ცხოვრებას მის სურათებში ევროპულ-კავკასიური შარმის კაშკაშა კონტრასტები შემოაქვს. მაგრამ მისი შემოქმედების გული მაინც საქართველოა, კახეთში გატარებული ბავშვობა, სიყვარული და ბუნება. მისი ნამუშევრები სავსეა მზით, ფერთა კაშკაშა გამა კი გაგრძნობინებს, რომ ცხოვრება მშვენიერია.
ლადო თევდორაძე
ერთ-ერთი ცოტა მიამიტი, თუმცა ყველაზე სიმართლის მთქმელი მხატვარია, რომელიც ცხოვრების რეალობას ასახავს. მისი ნამუშევრები პირველივე შეხედვიდან იპყრობს მნახველს: ისინი სავსეა სახლის სიმყუდროვით, უბრალო ხიბლით, ღიმილით, ირონიით, ნოსტალგიით. ლადო თევდორაძის ტილოებზე სამოთხე კი არა, ნამდვილი, შეულამაზებელი ცხოვრება ჩქეფს. მათში სიმძიმის ნატამალიც არ არის, მხოლოდ ყოფის სიმსუბუქეა. ამაშია ქართველი მხატვრის უნიკალურობა.
გია ბუღაძე
საქართველოს ერთ-ერთი ავტორიტეტული ფერმწერი, მხატვარი-მონუმენტალისტი. მისი მონუმენტური ნამუშევრები უცხოეთშიც ცნობილია: მან მოხატა ბერლინში მარტინ ლუთერის ეკლესია, ლუიზიანის უნივერსიტეტის „სიტყვის თავისუფლების დარბაზი“ და პარიზში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. გარდა ამისა, ბუღაძე თეატრისა და კინოს დამდგმელი მხატვარია. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ვატიკანში, იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინასა და სომხეთში.
ოლეგ ტიმჩენკო
საინტერესო და ორიგინალური მხატვარი თბილისიდან. თანამედროვე თბილისის სული მის ნამუშევრებში რეალურად არის ასახული. სამხატვრო აკადემიის პროფესორი თავის სურათებში საოცრად რომანტიკულ ხელოვანად აღიქმება, მისი ტილოებიდან მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. ტიმჩენკო ასევე ძალიან მრავალმხრივია: ხატავს ზღაპრულ და აღმოსავლურ მოტივებზე, ურბანისტულ პეიზაჟებს, პოპ-არტის სტილის პოსტერებს. ერთი სიტყვით, ტიმჩენკოს ფერწერა მომაჯადოებლად ლამაზი და მოდურია.
ლევან სონღულაშვილი
ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრები ახლა აშშ-ში უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში. ამჟამად 25 წლის ფერმწერი ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრატურაში სწავლობს. მისმა შემოქმედებამ ცნობილი სააუქციონო სახლებისა და მსოფლიოს კულტურის კრიტიკოსების მაღალი შეფასება მიიღო. სონღულაშვილს შავ-თეთრი პალიტრა უყვარს. მის სტილს მოჩვენებით მინიმალიზმთან ერთად დახვეწილობა, მაგია, ემოციების სიღრმე ახასიათებს, ასევე მკვეთრად გამოხატული მისტიციზმი. უსაყვარლესი ჟანრია ნიუ.
თენგიზ მარი
ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, დახვეწილი და ლაკონური ფერმწერია. ცნობილი ისტორიკოსის, აღმოსავლეთმცოდნისა და მეცნიერის, ნიკო მარის შთამომავალია. თავის დამახასიათებელ ნატურმორტებს ის გუაშით ხატავს. განათლებით არქიტექტორი მარი ბავშვობიდან ხატავს და ამ დროის განმავლობაში თავის შემოქმედებაში ბევრი, თითოეული თავისებურად მშვენიერი მეტამორფოზა განიცადა.
თუთუ კილაძე
პრიმიტივისტი მხატვარი „პატარა უფლისწულის“ სულით. მისი სურათების გმირები დიდი სამყაროს პატარა ადამიანები არიან. გემები, ხეები, ადამიანები, ქალაქები, სახლები და მისი განათებული ფანჯრები თუთუს ტილოებზე პატარა წერტილებიდან სამყაროს ცენტრად გარდაიქმნება, სადაც თითოეული მომენტი მნიშვნელოვანია.
კოკა ცხვედიანი
მისი ტილოები ნებისმიერი ოთახის, ოფისის, მაღაზიის, სასტუმროს ან გალერეის კედლებს დაამშვენებს. მისი ნამუშევრების სიუჟეტები სიურრეალისტური, ნაზი და ღრმა შინაარსით დატვირთულია. მისი სურათები გამსჭვალულია ფერებით, ცხოვრებით, პარალელური სამყაროებით, ტკივილით, დაუოკებელი ენერგიითა და პლანეტის მასშტაბის სიყვარულით.