1951 წლის 6 მარტს, ნიუ-იორკში დაიწყო სასამართლო პროცესი ეტელ და იულიუს როზენბერგების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ედებოდათ საბჭოთა კავშირისთვის ამერიკის ატომური საიდუმლო მასალების გადაცემა. 15 დღის მანძილზე მთელი მსოფლიო ელოდა „საბჭოთა შპიონების“ ელექრო სკამზე სასიკვდილო განაჩენის გამოტანას, თუმცა, როზენბერგების სიმტკიცემ პროცესზე და სიკვდილით დასჯის წინ, მათ მიმართ თანაგრძნობა გააჩინა და საპროტესტო აქციებიც მოეწყო. განაჩენის გამოტანიდან 27 თვის მანძილზე ადვოკატები განაჩენის გადახედვას მოითხოვდნენ, მაგრამ ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ და პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა შეწყალება მიუღებლად მიიჩნიეს. 1953 წლის ივლისში განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.
1302 წლის 10 მარტს, სახელმწიფო ქონების მითვისების და რესპუბლიკის მტრების — გიბელინებისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის ფლორენციიდან გააძევეს და დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს თვით დანტე ალეგიერის. ამის შემდეგ, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორმა 19 წელი იტალიის ქალაქებში, ვერონაში, ნეაპოლსა და რავენაში გაატარა. საინტერესოა, რომ დიდი შემოქმედის სასიკვდილო განაჩენი ფლორენციის სასამართლომ გააუქმა… 1966 წელს.
1801 წლის 11 მარტს, პეტერბურგში, მიხეილის სასახლეში, შეთქმულებმა, რომელთა შორის იყო ქართველი ვ. იაშვილი, 23 წლის ტახტის მემკვიდრის, ალექსანდრეს თანხმობით, სიცოცხლეს გამოასალმეს იმპერატორი პავლე პირველი. თავის მემუარებში მ. ფონვიზონი წერს: „ნიკოლაი ზუბოვმა ხელმწიფეს, ოქროს სათუთუნე ჩაარტყა, ეს ნიშანი იყო და მეფეს ერთდროულად მისცვივდნენ თავადი იაშვილი, ტატარინოვი, გარდანოვი და სკრიაგინი. პავლე ღონიერი კაცი იყო და შეთქმულებს მისი მორევა გაუჭირდათ, თუმცა, ბოლოს, სკრიაგინის შარფით დაახრჩვეს. მთელი ღამე ექიმები ცხედარს დასტრიალებდნენ და ცდილობდნენ ძალადობის კვალი წაეშალათ. ოფიციალერი ვერსიით იმპერატორი აპოპლექსურმა დარტყმამ იმსხვერპლა.
1972 წლის 11 მარტს, პალმა დე მალიორკის სასამართლო პროცესზე, ესპანელმა პროკურორებმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარეს, მათ მოითხოვეს 22 წლის ფოსტალიონი გაბრიელ მარჩა გრანდოსა 384 912 (!!!)წლით დაეტუსაღებინათ. გამოძიებით დადგინდა, რომ რამდენიმე წლის მანძილზე გრანდოსას, ეზარებოდა ფოსტის ადრესატებამდე მიტანა და 42 768 წერილი უბრალოდ დაწვა. მსგავსი დანაშაულისთვის (გულგრილობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას) ესპანური კანონმდებლობა 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; პროკურორებმა მოითხოვეს ყოველი განადგურებული წერილის სანაცვლოდ, უბედური გრანდოსა 9 წლით გამოემწყვდიათ ციხეში, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა ზემოთ აღნიშნული კოლოსალური რიცხვი. სამწუხაროდ ვერსად მივაკვლიე საბოლოო განაჩენს და იმედია, დაუდევარი ფოსტალიონი დღესაც არ იხდის სასჯელს.
რა თქმა უნდა გასული უამრავი საუკუნის მანძილზე სხვაც ბევრი რამ მოხდა, თუმცა თქვენს სამსჯავროზე მხოლოდ საინტერესო ფაქტები გამოვიტანე. იმედი მაქვს, მომავალი კვირის ამბებსაც დაელოდებით.