თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ შემოსავლებმა საარჩევნო კამპანიის დროს დაახლოებით 21,3 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ კვლევის შედეგებში.
არსებობს სამი ძირითადი კატეგორია, რომლითაც პარტიები შემოსავალს იღებენ: სახელმწიფო დაფინასება, კერძო შემოწირულობები და საბანკო კრედიტები. კვლევაში, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხებს მიეძღვნა, აღნიშნულია, რომ საარჩევნო პერიოდში იმ პარტიების ერთობლივმა შემოსავალმა, რომლებიც დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებენ, 32 მილიონი ლარი შეადგინა. კვლევა 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.
შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — დაახლოებით 2,8 მილიონი ლარი, მესამეზეა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — დაახლოებით 1,6 მილიონი ლარი.
შემოწირულობებით ასევე ლიდერობს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ — ქვეყნის მოქალაქეებმა 2016 წელს პარტიას დაახლოებით 19,2 მილიონი ლარი გადაურიცხეს.
შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - დაახლოებით 998000 ლარი, მესამე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — დაახლოებით 972700 ლარი.
ორგანიზაციის მონაცემებით, პარტიებმა 2016 წელს მთლიანობაში 21,7 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.
საბანკო კრედიტებით მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა. Cartu bank–ისგან პარტიამ სექტემბერში 1 მილიონი ლარის კრედიტი აიღო.
კრედიტის გაცემის საფუძველი გახდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის თანახმად პარტიას, რომელმაც არჩევნებზე ხმების 10%-ზე მეტი მიიღო, ერთი მილიონი ლარის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 115 დეპუტატის გაყვანა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეძლო.