მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წმინდა სინოდის კრებაზე მას უსაყვედურეს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

თბილისში წმინდა სინოდის კრება ჩატარდა, სადაც სასულიერო პირებმა ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც საპატრიარქოში არსებობს.

„გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი რეაქცია არის ძალიან მშვიდი. როგორც სულ ვამბობდი, მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“, — განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას იმ აქტიურობისთვის უსაყვედურეს, რომელიც მან მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოავლინა.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
სკანდალი საპატრიარქოში: დეკანოზმა მამალაძემ პირველი ჩვენება მისცა

„მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მთავარი თემა იყო ჩემი საკითხი. მე ვფიქრობ, ეს მიკერძოებული იყო, მიმაჩნია, რომ არსებობს სხვა პრობლემები“, — განაცხადა მეუფე პეტრემ.

მანამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაპატიმრება სწორედ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მდივან–რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს აწყობდა, რომელსაც მან „რუხი კარდინალი“ უწოდა.

მეუფე პეტრემ თეთრუაშვილის ინტერესები იმას დაუკავშირა, რომ როდესაც მამალაძემ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე თეთრუაშვილი შეცვალა, მან ამ სტრუქტურაში კორუფციული სქემები გამოამჟღავნა.

სინოდის სხდომაზე განხილული საკითხებზე კომენტარის გაკეთებაზე სასულიერო პირებმა უარი განაცხადეს.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
დაკავებულ დეკანოზს ილია მეორესთან საუბარი სურს

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს თბილისის აეროპორტში, საიდანაც იგი გერმანიაში გაფრენას გეგმავდა. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს, მის საცხოვრებელ ბინაში კი კუსტარულად დამზადებული იარაღი და ექვსი ვაზნა.

მამალაძე ბრალს არ აღიარებს, და როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, შოკისმომგვრელი ჩვენების მიცემას აპირებს. დეკანოზის დაკავების მომენტში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მას დაახლოებული პირები ახლდნენ, მათ შორის შორენა თეთრუაშვილიც.

მამალაძის დაკავების შემდეგ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა იმის თაობაზე, თუ ვისზე მზადდებოდა თავდასხმა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა საქმის დეტალებს დიდ ხანს არ ამჟღავნებდა. საქმის დეტალების გამჟღავნება ასევე აეკრძალა დაცვის მხარეს. მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე.

ოთხშაბათს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა ნაწილი გაავრცელა.


ყველა ახალი ამბავი
0