სკანდალი საპატრიარქოში: დეკანოზმა მამალაძემ პირველი ჩვენება მისცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკითხვა გვიან საღამომდე გაგრძელდება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მთავარი პროკურატურის გამომძიებლებს პირველი ჩვენებები მისცა და რამდენიმე გვარი დაასახელა, განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.

„მამალაძის მხრიდან იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი, თუმცა ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები“, — განაცხადა ფანცულაიამ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკანოზი ამ საქმეში არის არა ბრალდებული, არამედ დაზარალებული.

„ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ გიორგი მამალაძის მიერ ჩვენების მიცემა ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლიდა. დიდი ალბათობით, საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს“, — განაცხადა ფანცულაიამ.

სასამართლო, მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
პროკურორმა არასამთავრობოებს სკანდალური საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

დეკანოზის სხვა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ დაკითხვა მშვიდ და ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს.

„მამა გიორგი აბსოლუტურად ყველაფერზე სრულყოფილად იძლევა ჩვენებას და ყველაფერზე აქვს პასუხი”, — განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, შესვენებამდე გამომძიებლებს ციანიდთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ.

მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, თავის მხრივ, არ გამორიცხა, რომ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კიდევ სხვა პირის დაკავება მოხდეს.

„თუ ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ… გამოძიების პროცესში ვერავის დაკავებას ვერ გამოვრიცხავ“, — განუცხადა ჟურნალისტებს გოგაძემ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
ილია მეორეს დაკავებულ დეკანოზ მამალაძესთან სურს შეხვედრა

მამალაძის დაკავების შემდეგ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა იმის თაობაზე, თუ ვისზე მზადდებოდა თავდასხმა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურამ საქმის დეტალები არ გაამჟღავნა. საქმის დეტალების გამჟღავნება ასევე აეკრძალა დაცვის მხარეს.

მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე. რამიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შოკისმომგვრელი ჩვენების მიცემას აპირებს.

მამალაძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0