თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რომელიც საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი ორშაბათს გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მას ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია გაუკეთდა. სამშობლოში დაბრუნებისას ილია მეორემ განაცხადა, რომ მამალაძის საქმეს საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლის.
„მას გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა მისი პოზიციაც მოვისმინე. ის არის დაინტერესებული, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს, კონკრეტულად რა მოხდა, და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. ის ასევე საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია მაქსიმალურად დაწყნარდეს სიტუაცია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა მღელვარება დაცხრეს და სიმართლე გაირკვეს უახლოესი დღეების განმავლობაში… დეკანოზთან შეხვედრის სურვილი პატრიარქსაც ჰქონდა. როგორც მე მივხვდი, პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, მას აინტერესებდა მასთან შეხვედრა“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ამჟამად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ინიციატივით საპატრიარქოში სინოდის წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ერთ–ერთი მთავარი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს უკავშირდება. საპატრიარქოში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იმყოფებოდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს ილია მეორე გადიოდა. სასულიერო პირის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.
მამალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ის ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს.
საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ ვისზე იგეგმებოდა თავდასხმა, სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. პროკურატურა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებდა. ორშაბათს მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია შორენა თეთრუაშვილზე — პატრიარქის მდივან–რეფერენტზე.