თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამშობლოში დაბრუნებისას საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი ორშაბათს გერმანიიდან ჩამობრძანდა, სადაც მას ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია ჩაუტარდა.
„მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესიონალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით“, — ბრძანა ილია მეორემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს საპატრიარქოში მომხდარი სკანდალის კომენტირებისას, მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხი მშვიდობით გადაწყდება.
„სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება“, — ბრძანა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს ილია მეორე გადიოდა. სასულიერო პირის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.
საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ ვისზე იგეგმებოდა თავდასხმა, სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. პროკურატურა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებდა. ორშაბათს მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია შორენა თეთრუაშვილზე, პატრიარქის მდივან–რეფერენტზე.