თბილისში ქალების შესახებ დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებენ

© photo: Sputnik / Stringerკინოდარბაზი
კინოდარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალების ცხოვრების შესახებ ფილმების ჩვენება 8-10 მარტის პერიოდში გაიმართება.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. კინოთეატრ „რუსთაველში“ სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესის მქონე ქალების ცხოვრებისეულ ისტორიებზე დოკუმენტურ ფილმებს 8-10 მარტს უჩვენებენ. დასწრება თავისუფალია.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი ხორციელდება დოკუმენტური კინოს თბილისის საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi-სა და ორგანიზაცია „გაერო — ქალების“ (UN Women) ინიციატივით.

„ეს ისტორიები საზოგადოებისთვის კიდევ ერთი მკაფიო შეტყობინება იქნება, რათა საჭირო ყურადღება დაუთმონ ქალების წინაშე აღმართულ ზღუდეებს, ბარიერებს და სტიგმას, რომელიც 21-ე საუკუნეშიც კი მწვავედაა გამოხატული“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
როგორ გავერთოთ 8 მარტს თბილისში? ღონისძიებების აფიშა

გახსნის ცერემონიაზე, 8 მარტს, სადაც მხოლოდ მოსაწვევი ბარათებით იქნება დასწრება შესაძლებელი, ნაჩვენები იქნება როხსარე გაემ მაგამის დოკუმენტური ფილმი „სონიტა“. ეს ავღანელი გოგონას ისტორიაა, რომელიც ოჯახთან ერთად ირანში გაიქცა და რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ სხვების მიერ შერჩეულ საქმროზე დაქორწინებულიყო, რეპ-შემსრულებელი გახდა.

კინოსეანსებზე დასწრება 9 და 10 მარტს, 18:00 და 20:00 საათზე თავისუფალია. ამ დღეებში წარმოდგენილი იქნება მარი-ივ დე გრავის „ღამის მშვენიერება“, სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“, ჰელენა ტრეშტიკოვას „მალორი“ და დანიელ ამბას „ტრანზიტ ჰავანა“.

ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები - Sputnik საქართველო
„დაამსხვრიე შუშის ჭერი“: თბილისში ფემინისტების აქცია გაიმართება

CineDOC-Tbilisi პირველი ფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზებას ისახავს მიზნად. ფესტივალი პირველად 2013 წელს ჩატარდა. კინოფორუმზე, ტრადიციულად, წარმოდგენილია დოკუმენტური ფილმები რეჟისორებისა საქართველოდან, რუსეთიდან, ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და სხვა. კინოფესტივალის ფარგლებში ასევე იმართება ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და სემინარები, ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორებთან.

„გაერო-ქალები“ (UN Women) — გაეროს გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანოა, რომელიც ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში ქალთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საქმეში პროგრესის დაჩქარების მიზნით 2010 წელს შეიქმნა. ეს წამყვანი ორგანოა, რომელიც კოორდინირებას უწევს გაეროს სისტემის მუშაობას გენდერული თანასწორობის საკითხში.

ყველა ახალი ამბავი
0