თბილისი, 7 მარტი — Sputnik. „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლები 8 მარტს საქართველოს მთავრობის შენობის წინ გამართავენ აქცია-პერფორმანსს „დაამსხვრიე შუშის ჭერი“.
ფემინისტებს სურთ მთავრობის ყურადღება გენდერულ თანასწორობას მიაპყრონ და საზოგადოებას მოუწოდონ, არ შეაფასონ ქალების შესაძლებლობები არსებული სტერეოტიპების მიხედვით.
„მივმართავთ ჩვენ ქალებს, რათა მათ აქტიურად იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის“, — აღნიშნულია „ქალთა მოძრაობის“ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შუშის ჭერი ფემინისტური ტერმინია, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში დამკვიდრდა. ის გამოხატავს უხილავ და ფორმალურად არარსებულ ბარიერს („ჭერს“ კარიერაში), რომელიც ქალების სამსახურებრივ წინსვლას ზღუდავს და რომელიც მათ პროფესიულ თვისებებს არ უკავშირდება.
„საქართველოში გოგონებისა და ქალების აკადემიური მოსწრება შესანიშნავია, სამსახურებშიც პასუხისმგებლობითა და შრომისმოყვარეობით ქალები გამოირჩევიან. მიუხედავად მათი ნიჭიერებისა და გონიერებისა, კარიერული წინსვლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ — იკავებენ მენეჯმენტის საშუალო რგოლს და წინ მეტად ვეღარ მიდიან. სწორედ ამ დროს ამბობენ, რომ ქალმა „შუშის ჭერს” მიაღწია და მეტად ის წინ ვეღარ წაიწევს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზატორები ასევე აღნიშნავენ, რომ „შუშის ჭერი“ ყველა ქვეყნის პრობლემაა. ფემინისტები დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოებაში არსებული უხილავი ბარიერი ღრმად გამჯდარმა სტერეოტიპებმა განაპირობა.