თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რეიტინგული ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“(Rustavi2) გადაეცა, განაცხადა, რომ ტელეარხზე პროფესიონალები მუშაობენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ხუთშაბათს, საღამოს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა გაუქმდეს და ეს წილები გადაეცეს მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას შპს „პანორამას“.
„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ სასამართლოს გადაწყვეტილებას „დემოკრატიის დაღუპვა“ უწოდა. გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ისინი თავის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავენ. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან შეიკრიბნენ ოპოზიციონერები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები. იქ კარვები დადგეს.
„არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ. „რუსთავი 2“ ნამდვილად იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება ტენდენციური, მიკერძოებული რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი“, — განაცხადა ხალვაშმა ხუთშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ მზადაა მივიდეს ტელევიზიაში და კოლექტივს გაესაუბროს.
„თუ კოლექტივი თანახმაა, ხვალვე დაველაპარაკები, თუ არა და შევეცდებით, რომ დაწყნარდნენ და გავაგებინოთ რა არის საჭირო. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება“, — განაცხადა ხალვაშმა.
2015 წლის ნოემბერში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ, მან პირობა დადო, რომ საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში თავისი წილების ნახევარს ტელეარხის დამფუძნებლებს — ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს გადასცემდა.
ხალვაშმა განაცხადა, რომ თავისი დაპირების შესრულებას აპირებს.
„დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მე მათ გარეშე არ ვაპირებ განცხადების გაკეთებას“, — განაცხადა მან.
თავის მხრივ, ტელეკომპანია TV Pirveli-ის ეთერში ხალვაშმა განაცხადა, რომ არ აპირებს მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი იყოს და მისი გაყიდვა არ გამორიცხა.
„მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება… მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი, ან გავამრავლო ჩემი ქონება… ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება. მე არ ვაპირებ მის გაყიდვას, მაგრამ არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები“, — განმარტა ხალვაშმა.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხალვაშს გადაეცა, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.