საქართველოს პრეზიდენტი Rustavi2–ის საქმეზე: პროვოკაციები დაუშვებელია

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის გარშემო ვითარების შესახებ კომენტარისას 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა გაიხსენა.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური ტელევიზია „რუსთავი2“–ის (Rustavi2) უწინდელი მფლობელებისთვის გადაცემის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე კომენტარისას განაცხადა, რომ დაუშვებელია პროვოკაციები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ხუთშაბათს, საღამოს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა გაუქმდეს და ეს წილები გადაეცეს მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას შპს „პანორამას“. „რუსთავი2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მომხდარს „დემოკრატიის დაღუპვა“ უწოდა.

მარგველაშვილმა ბრიფინგზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შეიჭრა. ეს თბილისის ცენტრში აქციის დარბევის შემდეგ მოხდა.

„მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმისთვის მიცემული ბრძანების შემდეგ მოხდა ”იმედის” დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დამოკრატიისთვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

„რუსთავი 2-ის“ მიკროფონი - Sputnik საქართველო
ქიბარ ხალვაში ჯერ არ აპირებს „რუსთავი 2-ის“ გაყიდვას

მან მხარეებს მოუწოდა, დაელოდონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. გუშინ „რუსთავი2“–ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ტელეარხის ჯერ კიდევ ამჟამინდელი მფლობელები საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაჩერებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების ჩარევის გამო „რუსთავი2“–ის საქმე თავიდანვე პოლიტიზებული იყო.

„პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხებში მუდმივად პროცესის პოლიტიზებას ახორციელებდა. არ ვეხები რა კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას,  მინდა ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რომ „რუსთავი2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი, როგორც ნებისმიერი მედია, ის არის საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე დგებოდა „რუსთავი2“–ის საკითხი.

„საერთაშორისო თანამეგობრობა „რუსთავი2“–ის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს, რომელიც გავლენას ახდენს მედიის თავისუფალ გარემოსა და პლურალისტურ გარემოზე. იგივე დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, როდესაც მხარი დაუჭირა ამ არხის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქიბარ ხალვაში და ადვოკატი პაატა სალია - Sputnik საქართველო
ხალვაში: ქართულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ბევრი პროფესიონალი მუშაობს

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად ტელეკომპანიის შენობასთან შეიკრიბნენ. იქვე, პროტესტის ნიშნად, კარვები გაშალეს.

როგორ განვითარდება „რუსთავი2“–ის გარშემო მოვლენები, ჯერჯერობით უცნობია. ხალვაშის, როგორც მფლობელის უფლებამოსილება მაშინ ამოქმედდება, როდესაც საჯარო რეესტრი სასამართლოს მოთხოვნას შეასრულებს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და კოლექტივი მფლობელების შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხალვაშს გადაეცა, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0