ნატა პატარაია
ტურისტს შეუძლია საქართველოში შვებულება წლის ნებისმიერ დროს გაატაროს, განუცხადა Sputnik-საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.
„თუ ადრე ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით, მაგალითად, საზღვაო კურორტებზე, დღეს ეს მიდგომა შეიცვალა და ჩვენ ყველა ტიპის კურორტის განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. საქართველო არ არის მხოლოდ საზღვაო კურორტებსი ქვეყანა, ჩვენ ტურისტს წლის ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ. მას შეუძლია შვებულება წლის ნებისმიერ დროს კარგად გაატაროს. ეს, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, ნელ–ნელა მუშაობს და ასეთი შედეგი გვაქვს“, — მიაჩნია პაატა ბაირახტარს.
შსს–ს ცნობით, 2017 წლის თებერვალი 368 010 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2,1 %-ით მეტია. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ეს მაჩვენებელი 139 918-ს შეადგენს, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16,4%-ით აღემატება.
ანალიტიკოსის აზრით, ტურისტების რაოდენობა, არა მხოლოდ ხელისუფლების კურორტებისადმი ახლებურმა მიდგომამ, არამედ იმ მარკეტინგულმა კამპანიებმაც გაზარდა, რომელიც საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად მთავრობამ და ბიზნესმა აწარმოა.
„პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც ჩატარდა საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კონკრეტული კომპანიებისა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ცნობილი ვარსკვლავების კონცერტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გასულ წელს გაიმართა“, — მიაჩნია პაატა ბაირახტარს.
მისი თქმით, ამგვარ აქტივობებს მყისიერი ეფექტი კი არ აქვს, არამედ საშუალოვადიანი და გრძელვადიანი შედეგი, რომელიც მივიღეთ კიდეც დღეს ტურისტების რაოდენობის გაზრდილი მაჩვენებლის სახით.
შსს–ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში საქართველოში 755 080 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,5%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი ვიზიტი 2017 წლის თებერვალში აზერბაიჯანიდან (-6,6%), სომხეთიდან (+7,7%), თურქეთიდან (-21%), რუსეთიდან (+31,4%), უკრაინიდან (+10,6%) და ირანიდან (+321,4%) განხორციელდა.
ასევე პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ: გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ლიტვა (შესაბამისად 35%, 34%, 30%, 26%, 19% და 16%); შუა აზიის ქვეყნებიდან: ყაზახეთი (21%), უზბეკეთი (211%), თურქმენეთი (129%); აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან: ბელორუსია (17%) და მოლდოვა (22%).