თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ბრალდებული ნორა არღვლიანი გაამართლა, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ნორა არღვლიანი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის დაა, წინა ხელისუფლების დროს, 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, იარაღის უკანონო შენახვისა და სახელმწიფო სახსრების (75 ათასი ლარი) მითვისების ბრალდებით დააკავეს. იმავე წელს სასამართლომ არღვლიანი ყველა მუხლით დამნაშავედ სცნო და 6,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
არღვლიანმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში საპატიმრო ვადის დასრულებამდე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ქვეყნის პროკურატურამ არღვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო და 2016 წლის ნოემბერში დაადგინა, რომ 2006 წელს ის უსამართლოდ გაასამართლეს.
„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ნორა არღვლიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი“, — ნათქვამია განცხადებაში.
2006 წლის 25 ივლისს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის დაკავების მიზნით, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ. კვიციანი, რომელიც იმ პერიოდში კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იყო, თავის დასთან და სხვა ნათესავებთან ერთად იქ იმყოფებოდა, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა.
ახალმა გამოძიებამ აჩვენა, რომ არღვლიანს არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით სამართალდამცავებმა 27 ივლისს ნორა არღვლიანის დაკავება გადაწყვიტეს.
ორი დღის შემდეგ, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისა და ოქმის შედგენის გარეშე დაკავებული არღვლიანი თბილისში გადმოიყვანეს. მაშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნორა არღვლიანი 29 ივლისს დააკავეს და გაყალბებული დოკუმენტებით დაკავების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა დაიწყეს.
მაშინ განაცხადეს, რომ არღვლიანის ბინის ჩხრეკისას მათ აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. მაგრამ ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ არღვლიანის სახლში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. ხოლო პოლიციელები, რომლებმაც დაკავებულის სახლში თითქოსდა ჩხრეკა ჩაატარეს, საერთოდ არ იმყოფებოდნენ კოდორის ხეობაში.
უფრო მეტიც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ნორა არღვლიანის სახლს სიტუაციების მართვის შტაბის სახით იყენებდნენ.
მოგვიანებით არღვლიანს ბრალდება გაუმკაცრეს, განაცხადეს, რომ მან მიითვისა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სოფელ ჩხალთის (აფხაზეთი) მოსახლეობისთვის უნდა დაერიგებინათ, ასევე ის მოუწოდებდა „მონადირის“ მებრძოლებს, არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. პროკურატურაში აღნიშნეს, რომ აღვლიანს არც ეს დანაშაულები არ ჩაუდენია.
რაც შეეხება ემზარ კვიციანს, რომელიც 2006 წელს გაუჩინარდა, ის სამხედრო ბუნტისა და ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებით ძებნაში გამოაცხადეს. ის თბილისის აეროპორტში 2014 წლის 28 თებერვალს დააკავეს — უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ერთი წლის შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვიციანი პროკურატურასთან დადებული პროცესუალური შეთანხმებით გაათავისუფლეს.
კვიციანი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ბლოკიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ დეპუტატი გახდა.