ემზარ კვიციანი: გავიხსენოთ უახლესი ისტორია და ის, თუ რის გამო ვკარგავდით ტერიტორიებს წლების მანძილზე. ჯერ აფხაზეთში ჯარის შეყვანა, მერე სააკაშვილის რიტორიკა და რა მოჰყვა ამას? 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილმა ჩვენი ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ყველაფერში ჩვენს ხელისუფლებებს დასავლეთი „ეხმარებოდა“. რატომ იყო ამერიკა დაინტერესებული, რომ კოდორის ხეობა ჩაბარებულიყო?
ახლაც იგივე მეორდება. ამიტომ არის, რომ თინა ხიდაშელი სააკაშვილის რიტორიკას იმეორებს. წინასწარ იყო გამიზნული, რომ ხიდაშელის ასეთ განცხადებებს კარასინის გამოხმაურება მოჰყვებოდა. თინა ხიდაშელი რომ გეყოლება თავდაცვის მინისტრად ქვეყანას, ეს სამარცხვინო არაა?
– გამოსავალს რაში ხედავთ?
— ჩვენნაირ ქვეყანას სჭირდება შვეიცარული მოდელი. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ძალა, რომ საკუთარი თავი დავიცვათ. ჩვენი ქვეყანა ფართომასშტაბიან ბრძოლებში ყოველთვის წააგებს, მაგრამ პარტიზანულ ომს ვერავინ მოგვიგებს.
ყოველდღე გორთან საზღვარი ჩვენკენ მოიწევს. ამ დროს კი ჩვენი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ხმას არ იღებს.
2001 წლამდე ამერიკის დიდი იმედი მქონდა. ვფიქრობდი, რომ ისინი დაგვეხმარებოდნენ და გვერდში დაგვიდგებოდნენ. ახლა კი ვნახე, რომ ამერიკამ გაგვყიდა.
საჭიროა რეფორმა სპეცსამსახურებში. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაიყიდა. სად არიან ახლა გამყიდველები? სად იყო სპეცსამსახურები მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიები იყიდებოდა? სწორედ მათ ევალდებოდათ, რომ მსგავსი ფაქტები აღეკვეთათ. ამიტომ აუცილებელია, რომ სპეცსამსახურებში ჩატარდეს რეფორმა და მოვიდნენ სუფთა ადამიანები, რომლებმაც საქართველო უნდა გადაარჩინონ.
– აბაშიძე-კარასინის ფორმატზე რას ფიქრობთ, არის თუ არა რეალური შედეგის მომტანი მოლაპარაკების ეს ფორმატი?
— საერთოდ, მიმაჩნია, რომ ასეთი ფორმატები არ უნდა არსებობდეს. შეხვედრები და საუბრები უნდა ხდებოდეს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შორის. ყოველგვარი მიწისქვეშა შეხვედრები უნდა აიკრძალოს. ასეთი შეხვედრები ღუპავს ჩვენს ქვეყანას.