კვიციანი კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების ხელახლა გამოძიებას მოითხოვს

გამოწერა
ემზარ კვიციანი, რომელიც უკანონო ფორმირებების შექმნისთვის იყო გასამართლებული, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2004-2006 წლებში კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებში დამნაშავეების გამოვლენას მოითხოვს.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში, პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი 2006 წელს კოდორში განვითარებული მოვლენების ხელახლა გამოძიებას მოითხოვს.

კვიციანმა 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. კოდორის ხეობაში პოლიციის სპეცოპერაციის შემდეგ ის მიიმალა, მასზე ძებნა გამოცხადდა. 2014 წლის ნოემბერში კვიციანი დაბრუნდა სამშობლოში და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და საქართველოს საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით ამბოხებაში ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 2015 წელს საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.

„ეს საკითხი (მოვლენები კოდორის ხეობაში) პროკურატურას დიდი ხნის წინ უნდა შეესწავლა“, — განაცხადა კვიციანმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

კვიციანის აზრით, კოდორის ხეობის შესახებ საქმის შესწავლა 2004 წლიდან უნდა დაიწყოს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გივი თარგამაძემ და გიგა ბოკერიამ ხეობის მცველების — ლეგიონ „მონადირის“ წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, ხოლო იმ დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ლეგიონის გაუქმებისთვის ყველაფერი გააკეთა.

„უნდა დადგინდეს, ვისი დავალებით დაიწყო ეს პროცესი“, — აღნიშნა კვიციანმა.

ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
ემზარ კვიციანი: პარტიზანულ ომს ვერავინ მოგვიგებს

გამოძიების დროს ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა, დასძინა მან.

ემზარ კვიციანი საქართველოს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა. ის უკვე არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.

სამი დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდება მოუხსნა კვიციანის დას ნონა არღვლიანს, რომელსაც ბრალად ედებოდა უკანონო ფორმირების შექმნა, იარაღის უკანონო ტარება და სახელმწიფოს კუთვნილი 75 ათასი ლარის მითვისება. როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ბრალდებები ხელახლა ჩატარებული გამოძიების საფუძველზე მოიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0