ბელარუსში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა ცნობილია

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამშაბათს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან და ასევე ხელს მოაწერს რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ქართულ დელეგაციას დახვდებიან ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხეილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, საქართველოში ბელარუსის ელჩი მიხაილ მიატლიკოვი და ასევე ბელარუსში ქართული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დავით კოტორაია.

მიხეილ მიატლიკოვი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები გაიმართება

ოფიციალური შეხვედრები 1 მარტს დაიწყება. მარგველაშვილი მოლაპარაკებებს გამართავს ბელარუსელ კოლეგასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, რის შემდეგაც ხელს მოაწერენ რიგ დოკუმენტებს.

„დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი, ოფიციალური დოკუმენტის ხელმოწერა, რომლებიც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას და ასევე ინვესტიციების წახალისებას  შეეხება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ბელარუსთან როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თანამშრომლობა, ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, —  განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერთან ანდრეი კობიაკოვთან, ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან.

მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს პრეზიდენტი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში „დიდი სამამულო ომის“ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმს, ასევე მრავალფუნქციურ კულტურულ-სპორტულ კომპლექს „მინსკ-არენას“ და ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკს მოინახულებს.

მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, მემორიალურ კომპლექს „დიდების ყორღანს” ყვავილების თაიგულით შეამკობს.

დამოუკიდებლობის სასახლე - Sputnik საქართველო
ბელარუსში მარგველაშვილის ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე დოკუმენტს ხელი მოეწერება

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში 2 მარტს დასრულდება.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა, ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა გასულ წელს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0