თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. 2017 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია გამოფენების, ფილმების ჩვენებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა, განაცხადა ბელარუსის ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობებმა ინტენსიური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც 2016 წელს თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნა.
„2017 წლის მეორე ნახევარში ბელარუსის რესპუბლიკა საქართველოში კულტურის დღეების გამართვას გეგმავს. ჩვენ ამ საკითხს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან განვიხილავთ — ფორმატი, ორივე მხარისთვის მისაღები დრო. ჩვენ გვსურს ჩვენი კულტურა არამარტო თბილისის, არამედ საქართველოს მოსახლეობამდე მივიტანოთ“, — განაცხადა მიატლიკოვმა.
ამ დროისათვის აღნიშნული ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნა მან.
„გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი კოლექტივი ჩამოვიყვანოთ საქართველოში და გავაცნოთ ისინი ქართველ მოსახლეობას… სავარაუდოდ, ეს იქნება შემოქმედებითი კოლექტივები, ბელარუსის ფილმების დემონსტრირება, ფოტოგამოფენები და აუცილებლად წიგნის გამოფენა“, — განაცხადა ელჩმა.
გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე 2018 წელს ბელარუსში გამართავს ქართული კულტურის დღეებს.
საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას საფუძველი 1994 წლის 6 იანვარს ჩაეყარა. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა, რომელიც მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპმისიამ კი საქართველოში მუშაობა გასულ წელს დაიწყო.