თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ძალაში შევიდა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანრდ ლუკაშენკოს 9 იანვრით დათარიღებული ბრძანებულება 80 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, იტყობინება „Sputnik-ბელარუსი“.
ბრძანებულება ეხება ევროპის 39 ქვეყანას, ბრაზილიას, ინდონეზიას, აშშ-ს, იაპონიას და სხვა სახელმწიფოებს, რომელთა მოქალაქეებს ნაციონალური აეროპორტის „მინსკის“ გამშვები პუნქტის უვიზოდ გავლა ხუთი დღის ვადით შეუძლიათ.
„ბელარუსში უვიზო რეჟიმში შესვლისას თან უნდა იქონიოთ მოქმედი პასპორტი ან საზღვარგარეთ წასვლისთვის სხვა მისი შემცვლელი დოკუმენტი, ფულადი სახსრები — თითოეულ დღეზე არანაკლებ ორი საბაზო სიდიდის (დაახლოებით 25 აშშ-ს დოლარი) ექვივალენტი ვალუტაში ან ბელარუსულ რუბლში, არანაკლებ 10000 ევროს ღირებულების სამედიცინო სადაზღვევო პოლისი, რომელიც ბელარუსში მოქმედებს“, — განმარტეს პრეს-სამსახურში.
ვიეტნამის, ჰაიტის, გამბიის, ჰონდურასის, ინდოეთის, ჩინეთის, ლიბანის, ნამიბიის და სამოას მოქალაქეებს დამატებით უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის ან შენგენის ზონის მრავალჯერადი ვიზების აღმნიშვნელი ჩანაწერი დოკუმენტებში, ასევე 5 დღის შემდეგ მინსკის აეროპორტიდან გამგზავრების დამადასტურებელი ავიაბილეთები.
ლუკაშენკოს ამ განკარგულებაზე საპასუხოდ რუსეთმა ბელარუსთან საზღვარზე საკუთარი სახელმწიფო საზღვრის დაცვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, სასაზღვრო ზონა დააწესა. რუსეთსა და ბელარუსს შორის საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი მოქმედებს, ხოლო ბელარუსში უვიზოდ ჩასული უცხოელები რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევას შეძლებენ.