საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი სამშობლოში დაბრუნდა

გამოწერა
ლიტვის სასამართლომ რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე გაათავისუფლა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე სამშობლოში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ვილნიუსის სასამართლომ რუსეთს მის გადაცემაზე უარი უთხრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ზურაბ მაისურაძე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, 2016 წლის 2 დეკემბერს კიევიდან ვილნიუსში ჩაფრენის შემდეგ ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს, რომელიც, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ინიციატივით იყო გაცემული. რუსეთმა მაისურაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილი.

„ვილნიუსში დამაკავეს, როგორც რუსეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი. სადღაც 4-5 დღის შემდეგ თავდებით გამოვედი და ერთი თვის შემდეგ სასამართლომ, როდესაც მოიკვლია რუსეთის მიერ დამატებით გამოგზავნილი მასალები ჩემ შესახებ, დაადგინა, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა და არა კრიმინალი“, — განაცხადა მაისურაძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
ცერცვაძემ უკრაინაში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადის მიზეზი განმარტა

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი იმედოვნებს, რომ ინტერპოლი ძებნილი ადამიანების სიიდან მას უახლოეს მომავალში ამოიღებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაისურაძეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გივი თარგამაძე დახვდა.

„ბედნიერი ვართ, რომ პოლკოვნიკი ზურაბ მაისურაძე დაუბრუნდა სამშობლოს ლიტვური სასამართლოს იმ ერთადერთი მოსალოდნელი გადაწყვეტილებით, რომელიც მას ამართლებს და პირდაპირ ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით ძებნა“, — განაცხადა თარგამაძემ.

ოპოზიციონერმა იმედი გამოთქვა, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის სასამართლო შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი წევრის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მიმართ, რომელიც ასევე რუსეთის მოთხოვნით კიევის აეროპორტში 15 იანვარს დააკავეს. მას ბრალად ედება 2003 წელს სოჭში განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა.

ზურაბ მაისურაძე 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილეა. მაშინ შსს-მ განაცხადა, რომ ეს ბანდფორმირების ლიკვიდაციის ოპერაცია იყო, რომელმაც სოფლის მცხოვრებნი მძევლად აიყვანა.

სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს მძევლები, დაიღუპა 12 ბოევიკი და სპეცრაზმის სამი თანამშრომელი.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სპეცოპერაციის დეტალების ხელახალი გამოძიება დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ საქმე საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცეს, ხოლო დეტალები — გაასაიდუმლოეს.

ყველა ახალი ამბავი
0