თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის ყოფილმა მებრძოლმა გიორგი (გია) ცერცვაძემ თავისი გადაწყვეტილება, რომ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს, იმით ახსნა, რომ სამშობლოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ წინა კვირაში ცერცვაძე გაათავისუფლეს.
„არ გამაფრთხილეს აეროპორტში, რაც შსს-ს და მესაზღვრეებს უნდა გაეკეთებინათ, გამომიშვეს ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ სხვა ქვეყანა გადამცემდა რუსეთის ფედერაციას. ეს ნიშნავს, რომ მე არ შემიძლია უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი საქართველოში. საქართველოში არსებობს ძალიან განვითარებული ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობს“, — განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ცერცვაძის დაპატიმრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილე იყო.
„ვაპირებ მთელი ოჯახისთვის თავშესაფრის მოთხოვნას, იმიტომ რომ მოხდა არასასიამოვნო ფაქტი. ჩემი უფროსი ბიჭი როცა ქუჩაში იყო, ჰქონდათ მასთან ლაპარაკი, რომ „ყველა მებრძოლი, მამაშენიც, მათ შორის, ვინც იბრძვის უკრაინის მხარეს, მიდის იმისთვის, რომ ფული იშოვოს და ისინი დაქირავებული მკვლელები არიან“. მე არ მინდა, რომ ჩემ ბავშვზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყოს“, — განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქვეყნის ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ფარულად თანამშრომლობს რუსულ სამართალდამცველ ორგანოებთან და მათ ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცა, ასევე სპეციალურად არ გააფრთხილა, რომ ის ინტერპოლით იძებნებოდა რუსეთის თხოვნის საფუძველზე.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცერცვაძის შესახებ რუსეთისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.