პროკურატურა ცერცვაძის შესახებ: დარჩენილია რუსეთში ექსტრადიციის საკითხის დახურვა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობის ფასადი
საქართველოს პროკურატურის შენობის ფასადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საქართველოს ყოფილი სპეცრაზმელის გიორგი ცერცვაძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარისას განაცხადა, რომ „უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს“.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა შსს-ს ყოფილი სპეცრაზმელის გიორგი (გია) ცერცვაძის საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი რუსეთში ექსტრადიციის საკითხი არ დაიხურება, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გუშინ ცერცვაძე გაათავისუფლეს.

„გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც, ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ცერცვაძის გათავისუფლება უყურადღებოდ არ დატოვა ასევე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ, რომელიც თავის ქართველ კოლეგა ირაკლი შოთაძესთან რამდენიმე დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

„როგორც დაგპირდით — გია ცერცვაძე თავისუფალია. უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს. მათ შორის — თუ ეს საკუთარი ქართველებია“, — დაწერა ლუცენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თავად ცერცვაძე გათავისუფლების შემდეგ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ“, — განაცხადა ცერცვაძემ.

გათავისუფლების შემდეგ ცერცვაძე უკრაინაში საქართველოს ელჩს მიხეილ უკლებას შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი გათავისუფლებისა, საექსტრადიციო ზომები ბოლომდეა მისაყვანი.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა კიევში დაკავებული ცერცვაძის საკითხზე კომენტარი გააკეთა

„ძალიან მძიმე დღე იყო. ვფიქრობ, ყველა ამ მოქმედებამ შედეგი მოგვცა. მაგრამ პროცედურები გრძელდება“, — განაცხადა უკლებამ ტელეკომპანიის Imedi  ეთერში.

ცერცვაძის დაპატიმრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილე იყო.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურატურამ მიიღო დადასტურება იმისა, რომ ცერცვაძე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ნამდვილად იღებდა, მან სასამართლოში პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შუამდგომლობის შეტანა გადაწყვიტა.

ცერცვაძის გათავისუფლებას უკვე ხუთშაბათს დღისით ელოდებოდნენ, მაგრამ კიევის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ ეს იმით ახსნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაბამისი დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გაგზავნა.

ამან ცერცვაძის ადვოკატის, ახლობლებისა და ნათესავების, ასევე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ უკმაყოფილება გამოიწვია.

შედეგად პროკურატურამ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა. „თუ სასამართლომ გვიღალატა, ჩემი გადაწყვეტილებით, პროკურორები სხვა პროცედურით წავიდნენ“, — დაწერა ლუცენკომ.

სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომა მაინც გაიმართება — ის 3 თებერვალს არის დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0