თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ქართული მხარე ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთს საქართველოს შსს-ს ყოფილ სპეცრაზმელს გიორგი (გია) ცერცვაძეს არ გადასცემს, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პროკურატურამ, შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოში ცერცვაძის გათავისუფლება მოითხოვოს, რომელიც 15 იანვარს კიევის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. ინფორმაცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა გივი თარგამაძემ უკრაინის გენერალურ პროკურორზე იური ლუცენკოზე დაყრდნობით გაავრცელა.
„ორი დღეა, ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ უფრო ადრე უკრაინის პროკურატურას აცნობა საკუთარი პოზიცია, რომ ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა მიზანშეწონილი არ არის.
„საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას… აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
თარგამაძემ ლუცენკოსთან მიმოწერის ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, უკრაინის პროკურატურამ მიიღო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ცერცვაძე უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.
„ყველაფერი კარგად იქნება. დღეს დავუკავშირდი ქართულ ლეგიონს. ისინი მოგვცემენ დოკუმენტს, რომლის მიხედვით გიას აპელაციისას გავუშვებთ“, — აღნიშნულია მიმოწერაში, რომელიც თარგამაძემ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი.
გუშინ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ცერცვაძის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. აქტივისტებმა უკრაინას მოუწოდეს, არ გადასცეს რუსეთს ქართველი ოფიცერი.
საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვის მოწოდებით გამოვიდა მანამდე ქვეყნის სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
ცერცვაძის საქმეს უკრაინის სააპელაციო სასამართლო 26 იანვარს განიხილავს.
რუსეთი ცერცვაძეს 2003 წელს სოჭში განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მიზნით თავდასხმაში სდებს ბრალს.
გიორგი ცერცვაძის დაპატიმრების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებშიც და ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში.