თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის პროკურატურას კიევში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული შსს–ს სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე ყველა განმარტება გადასცა.
ინტერპოლის მიერ ძებნაში გამოცხადებული გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის ჟულიანის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლოს გადაწყვტილებით მას 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. განიხილება რუსეთისთვის მისი გადაცემის საკითხი.
„საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის (რუსეთისთვის) გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები“, — ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, ნათქვამია განცხადებაში.
ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც ქართველ სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიების სახით 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი ცერცვაძის დაპატიმრების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 1992–1993 წლებში აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე იყო.
„ჩვენ გვსურს მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რათა გაირკვეს, მოხდა თუ არა ცერცვაძის საქმის საფუძვლიანი მოკვლევა, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. თუ არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, ასეთ შემთხვევაში ინტერპოლის წესდება პირის ძებნაში გადაცემას კრძალავს“, — განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
როგორც კი ცერცვაძის მიერ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მის გათავისუფლებას მოითხოვს.
„ჩვენ ვიცით, რომ ის იღებდა მონაწილეობას ომში. როგორც კი ეს ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მის გათავისუფლებას მოითხოვს“, — განაცხადა ევგენი ენინმა.
ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ცერცვაძის პირადი მონაცემების რუსეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ. მათ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართეს, რომელშიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით “უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება”.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი გამონათქვამებისგან.
„იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული თქვენგანის, მათ შორის, მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული. არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ან, თუნდაც, უცხოელის შესახებ ჩვენ სისტემაში შეიძლება ინახებოდეს, ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა“, — განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.
საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვისკენ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც მოუწოდა.