თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს სასწრაფოდ განაახლოს მუშაობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე, დაარეგისტრიროს ის პაკეტი, რომელზეც შედგა შეთანხმება განათლების კომიტეტსა და „აუდიტორია 115"-ს შორის, — განაცხადა პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრმა გიორგი ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ორგანიზაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი ამ დრომდე პიკეტირებული აქვს. ორგანიზაციის წევრების განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში მათ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდათ, თუმცა, კომიტეტმა მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე მათთან კონტაქტი შეწყვიტა.
სტუდენტები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში იმ ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, რომლებიც სტუდენტთა თვითმმართველობებთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.
ჯავახაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში განახლდება სასწავლო პროცესი და ორგანიზაციის წევრების მიზანი არ არის, რომ საგანათლებო პროცესს ხელი შეეშალოს.
„რამდენიმე დღეში განახლდება ახალი სასწავლო სემესტრი და ჩვენს თვითმიზანს არ წარმოადგენს სტუდენტებისთვის განათლებაში ხელის შეშლა, ჩვენ მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, სასწრაფოდ განაახლოს მუშაობა ცვლილებებზე. სხვა შემთხვევაში, პროცესები რომლებიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს,შეიძლება გაცილებით უფრო გამწვავდეს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა“, — განაცხადა ჯავახაძემ.
„აუდიტორია 115“-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელი მე-6 კორპუსის პიკეტირება 24 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დაიწყო. მეორე დღეს უკმაყოფილო სტუდენტებმა უნივერსიტეტის 13-დან 9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლა შეძლეს, მაგრამ არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვალა.
აღნიშნული სტუდენტური გაერთიანება სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის რეფორმას მოითხოვს. „აუდიტორია 115“ ასევე მოითხოვს ფაკულტეტის საბჭოების, აკადემიური საბჭოსა და სასწავლებლის სენატის არჩევნების პირდაპირ ჩატარებას. ამჟამად ფაკულტეტის საბჭოში შედიან თვითმმართველობის დანიშნული წევრები.
„აუდიტორია 115“-მა არაერთხელ განაცხადა, რომ თვითმმართველობის უკან უსაფრთხოების სამსახურის აგენტები დგანან და ის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და არა სტუდენტების ინტერესებს ატარებს.