თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115", რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაახლოებით ორი კვირაა პიკეტირებული აქვს, პიკეტირების შეჩერების ან გაგრძელების გადაწყვეტილებას დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომის შემდეგ მიიღებს.
საპარლამენტო კომიტეტში შეხვედრა 16:00 საათზეა დანიშნული, რომელშიც თსუ-ის თვითმმართველობისა და „აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
კომიტეტის გაფართოებული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, კომიტეტის წევრები და სტუდენტები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში იმ ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებენ, რომლებიც სტუდენტთა თვითმმართველობებთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.
როგორც სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრებმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადეს, თუ დღეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდება, უნივერსიტეტის მე–6 კორპუსი კვლავ პიკეტირებული დარჩება და სხვა საპროტესტო ღონისძიებებიც დაიწყება.
„აუდიტორია 115“-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელი მე-6 კორპუსის პიკეტირება 24 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დაიწყო. მეორე დღეს უკმაყოფილო სტუდენტებმა უნივერსიტეტის 13-დან 9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლა შეძლეს, მაგრამ არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვალა.
აღნიშნული სტუდენტური გაერთიანება სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის რეფორმას მოითხოვს. „აუდიტორია 115“ ასევე მოითხოვს ფაკულტეტის საბჭოების, აკადემიური საბჭოსა და სასწავლებლის სენატის არჩევნების პირდაპირ ჩატარებას. ამჟამად ფაკულტეტის საბჭოში შედიან თვითმმართველობის დანიშნული წევრები.
„აუდიტორია 115“-მა არაერთხელ განაცხადა, რომ თვითმმართველობის უკან უსაფრთხოების სამსახურის აგენტები დგანან და ის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და არა სტუდენტების ინტერესებს ატარებს.