თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა უფლებების დაცვისა და შესაძლო კონფლიქტების პრევენციისთვის სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა, აღნიშნულია უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა თსუ–ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. სტუდენტურ ომბუდსმენად დაინიშნა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი კიოლნის (გერმანია) სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, ახალგაზრდა მკვლევარი მარიო შიუტცე.
„ბევრი საკითხი, რომელიც აწუხებდათ „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტთა სხვა ჯგუფებს — უკვე გადაწყვეტილია. შესაბამისად, არა მგონია, რომ კიდევ რამე დარჩა შემაფერხებელი, რაც „აუდიტორია 115-ის“ წევრებს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში დატოვებს. უნივერისტეტში არის ღია მმართველობის სისტემა, ღია კარის მტვრევა არ არის კარგი საქმე“, – განაცხადა შარვაშიძემ.
სტუდენტურმა გაერთიანება „აუდიტორია 115“, რომელიც უნივერსიტეტში რეფორმების გატარებას მოითხოვს, 2016 წლის 24 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თსუ–ის ერთ–ერთ შენობაში შეიჭრა. მათ 13–დან 9 საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლა მოახერხეს, მაგრამ არჩევნები მაინც ჩატარებულად აღიარეს. თვითმმართველობაში 140 ადამიანი შედის.
შარვაშიძემ აღნიშნა, რომ დემოკრატიის ანბანია — ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ირღვევა სხვისი უფლება. რექტორმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ – კანონის ფარგლებში. ყველა სტუდენტის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული, მათ შორის იმ 800 სტუდენტისაც, რომლებიც მეექვსე კორპუსში სწავლობენ და რომელთაც, „აუდიტორია 115“–ის პროტესტის გამო, არ ეძლევათ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება.
რექტორმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტის 2017–2021 წლებში სტრატეგიული განვითარების ფარგლებში ახალი პროექტების შესახებ. შარვაშიძის თქმით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც შესული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, თსუ–ისა და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე, აღნიშნა შარვაშიძემ.
„ამ კუთხით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 600 ათასი ლარი, ხოლო სტუდენტთა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების დაფინანსებისთვის — 180 ათასი ლარი. საკონკურსო პროცედურა იქნება ღია და შედეგებიც იქნება ღია და გამჭვირვალე“, — აღნიშნა რექტორმა.
შარვაშიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში განათლების სამინისტრო უნივერსიტეტს ოფიციალურად გადმოსცემს ლისის ტბაზე არსებულ 320-ადგილიან ევროპული სტანდარტების საერთო საცხოვრებელს, რომელშიც სტუდენტები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის შესახლდებიან.