კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა

© ФК "Локомотив" Москваსოლომონ კვირკველია
სოლომონ კვირკველია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოლომონ კვირკველია „რუბინის“ შემადგენლობას ვერ შეეწყო და იჯარის პირობებით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ძირითადი ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია კაზანის „რუბინიდან“ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა, იუწყება დედაქალაქის გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„რკინიგზელთა“ შემადგენლობაში ქართველი მცველი სეზონის ბოლომდე იჯარის პირობებით იასპარეზებს. 

მათე ვაწაძე ვიბორგის მაისურით - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელების გადაადგილებები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში

„ლოკომოტივი — დიდი გამოწვევა და წინგადადგმული ნაბიჯია ჩემთვის. მთავარ მწვრთნელთან იური სიომინთან საუბრის შემდეგ გავიგე, როგორ ვიმუშავებთ, რა როლში მხედავს. მწვრთნელის რწმენამ ფრთები შემასხა. უახლოეს დროს გუნდთან ერთად ვარჯიშს ვიწყებ, კოლექტივთან შეწყობას შევეცდები“, — განაცხადა კვირკველიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

„რუბინის“ შემადგენლობაში კვირკველიამ 2011 წლიდან 111 მატჩი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.

ბოლო ორ სეზონზე ქართველი ფეხბურთელი „რუბინის“ ძირითადი მცველი გახდა და თითოეულ სეზონში 29–29 მატჩი ითამაშა. თუმცა, გასული წლის მაისში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გუნდს სათავეში ესპანური „მალაგას“ ყოფილი მწვრთნელი ხავიერ გარსია კარლოსი ჩაუდგა.

ესპანელმა კვირკველიას ფიზიკური მომზადება დაიწუნა და ის 2016/2017 წლების სეზონის პირველ ნაწილში „რუბინის“ შემადგენლობაში მინდორზე არც ერთხელ არ გამოჩენილა.

ამ ვითარებაში კვირკველიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურს, რადგან სათადარიგოთა სკამზე დროის დაკარგვა არ უნდა. თუმცა, „რუბინის“ ხელმძღვანელობას ქართველის გაშვება არ სურდა. 

ჯემალ ტაბიძე - Sputnik საქართველო
საფეხბურთო კლუბი „ურალი“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელით შეივსება

მაგრამ, საბოლოოდ, კაზანელებისა და მოსკოველების მოლაპარაკების შედეგად კვირკველია „რკინიგზელებთან“ გადავიდა, სადაც 33–ე ნომრით იასპარეზებს.

რუსეთის ჩემპიონატის 17 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 23 ქულით სატურნირო ცხრილში მე–10 ადგილს იკავებს.

მეორე მხრივ, მოსკოვის გუნდს ხუთი მატჩის განმავლობაში არც ერთხელ არ წაუგია და ევროთასების ზონას სულ ხუთი ქულა აშორებს. გაშვებული გოლების მაჩვენებლით (13) ისინი მხოლოდ ЦСКА–ს, „ამკარს“ და „როსტოვს“ ჩამორჩებიან.

კვირკველიას მოსვლა მოსკოველების შემადგენლობას გააძლიერებს. თუ ქართველი მცველი თავის ძველ დონეს დაუბრუნდება, სეზონის ბოლოს კლუბი ხუთეულშიც შეიძლება მოხვდეს.

ყველა ახალი ამბავი
0