დღეს ღრუბლები განსაკუთრებით ფაქიზად და ქართულად გადააფრინდნენ ჩვენს თბილისურ აივანს. ოდნავ მიტოვებულმა და მივიწყებულმა ადესამ ქართულად გაიზმორა, გემრიელად… ქოთნებშიც ქართულმა ხალხურმა დანდურმა წამოყო თავი. გულის ფუღუროში კი პატარა ია მაქვს დათესილი, დიდი იაკობ გოგაბაშვილის საკადრისი. აბა, ამ დღეს, 21 თებერვალს, როდესაც მთელი მსოფლიო მშობლიური ენის დღესასწაულს ზეიმობს, როგორ არ ვთქვა ქართულად — აი ია!
სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქართული ენის შესწავლა ჩემმა უკრაინელმა დედიკომ — გალიჩკა ნესტერენკომ ჩემთან ერთად. დღესაც მახსოვს, რა გულდასმით იზეპირებდა „დედაენის“ ტექსტებს…
რა ვიცი, მშობლიური ენა რომელია უფრო – სადაც დაიბადები, ის, თუ ვინმე შემთხვევით და საშინლად რომ შეგიყვარდება კიევის პატარა ხიდზე და იმის ხათრით თბილისში რომ ჩამოხვალ და შვილთან ერთად ქართულ ენას რომ ისწავლი? თანაც, უკრაინული აქცენტით შეცდომებს რომ უშვებ, მაგრამ მაინც ქართულად რომ ცდილობ დაელაპარაკო ყველას, პრინციპულად…
ქართულ ენას მართლა სხვა, განსაკუთრებული ხიბლი აქვს — გულში ცხრათვალა მზესავით აღწევს, გეფერება და გელოლიავება და ისეთ სიღრმეებში შეყავხარ, სადაც კალმიანი შოთა რუსთაველი გხვდება და ნაბდიანი ვაჟა, დახვეწილი აკაკი და მეამბოხე გალაკტიონი. ილია რომ ჭიშკარს ფრთხილად გაგიღებს, რომ არ დაიჭრიალოს, ხოლო ჭრიჭინებით, პეპლებით და ციცინათელებით გაპიპინებული დერეფნის ბოლოს ჩოხაში გამოწყობილი კოპწია კოწია რომ დაგხვდება და მორიდებულად მომღიმარი, შესანიშნავი ნოდარ დუმბაძე…
სხვათა შორის, მსოფლიოში ოფიციალურად ყველაზე უფრო გავრცელებულია 10 ენა – ჩინური, ინგლისური, ესპანური, რუსული, ჰინდი. არაბული, ბენგალური, პორტუგალიური, ფრანგული. მალაი-ინდონეზიური.
მაგრამ გულში რომ ქართული გაქვს, ვერაფერს ვერ იზამ ერთი რამის გარდა — უნდა გაუფრთხილდე და ვარდის ფურცლებივით შეაკოწიწო.
ჩემმა დედიკომ ქართული 27 წლის ასაკში ისწავლა. ყოველთვის თან დაჰქონდა პატარა ბლოკნოტი, რომელშიც ახალი სიტყვების მნიშვნელობას იწერდა.
მისთვის ქართული ენა მართლა მშობლიური ენა გახდა, რადგან საქართველო გახდა მშობლიური.
საცივის გამზადებაც ისწავლა, კომბოსტოსაც ლამაზად ამწნილებდა, მეგრულად, გოზინაყსაც შესანიშნავად დებდა თეფშზე, მაგრამ ისე მიწებებულად, თეფშიდან აძრობას მის გარდა სხვა ვერავინ რომ ვერ უმკლავებოდა.
დედიკოს მიერ ქართულ ენაში დაშვებული პატარა შეცდომებიც არავის აღიზიანებდა. საქართველო ასეთია — ბოლომდე გულღია, გახსნილი და მიმტევებელი.
ერთი რამ ვიცი — ადამიანი საკუთარ ენას რომ კარგად ფლობს, სხვა ენასაც პატივს სცემს.
ამიტომაც ქართველებს ასე უყვართ ესენინის შაგანეს თითზე შემოხვეული ქერა თმა, გუმილიოვის არისტოკრატიული ჟირაფი კუნძულ ჩადზე და ახმატოვას მთვარის შუქზე დაგდებული და მიტოვებული ხელთათმანი…
რუსებს კიდევ შესანიშნავად ესმით გალაკტიონის „იისფერ თოვლის ხიდიდან ფენა“, ბელა ახმადულინას შესრულებით – снег по-женски закидывал локоть, и была его кожа чиста…
ჩვენ ყველა საკუთარ და მშობლიურ ენაზე ვბაასობთ, ვსუბრობთ, ვურთიერთობთ.
ვიცით მისი ყოველი ნიუანსი, მიხვრა-მოხვრა და განსაკუთრებული გემრიელობა.
და თუ ჩვენ სამშობლოში ჩამობრძანდებით, ჩემი დედიკოსავით გამართულად უნდა თქვათ: „ბაყაყი წყალში ყიყინებს“, ან ეცადოთ მაინც:)
რადგანაც ეს იმ ქვეყნის პატივისცემაა, სადაც ცხოვრობ…
ამ პატივისცემას სხვა ენა არ გააჩნია – ის ინტერნაციონალურია და სიყვარულის ენაა…
გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და მშობლიურ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე