ფარდები ჩვენ ცხოვრებაში...

© photo: courtesy of Nino Gotsiridzeმხატვარი სერგო ქობულაძე და მისი ცნობილი ფარდა
მხატვარი სერგო ქობულაძე და მისი ცნობილი ფარდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

სავარაუდოდ, ჩვენ აივანზე ამოსვლისას შეამჩნევდით, რომ ფანჯრებზე ახალი ფარდები ჩამოვკიდე. გაზაფხულისთვის ვინახავდი, მაგრამ დღეს რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ ახალი ფარდებით უნდა შემოგეგებოთ.

საოცარია ადამიანის მეხსიერება – ზოგჯერ არ ახსოვს წინა დღის დეტალები, მაგრამ დაწვრილებით შეუძლია გაიხსენოს, ერთი შეხედვით, არცთუ ისე მნიშვნელოვანი რაღაცები… მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

მაგალითად, მე, თუ რაიმე მოვლენა მახსოვს ღრმა წარსულიდან, შესანიშნავად მახსოვს ისიც, ამ მოვლენის დროს, მაგალითად, რა მეცვა. დღეს დავფიქრდი და მივხვდი — თვალები რომ დავხუჭო, ვხედავ ყველა ფარდას, რაც ეკიდა ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე.

მახსოვს ჩემი ბავშვობის სახლში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე, საძინებელ ოთახში ჩამოკიდებული გატკიცინებული ფარდა — თეთრ ფონზე ცისფერი და იასამნისფერი ყვავილებით… მახსოვს ბებიკოს მოსკოვურ ბინაში ლამაზი გიპიურის ფარდა, რომელიც, როცა ღამით ვუყურებდი, მთვარის შუქზე პეპლებს ჰგავდა… მახსოვს დედიკოს საავადმყოფოს ფანჯარაზე უნიჭო — ნარინჯისფერი ფარდა, რომელსაც ძალიან უხდებოდა, როცა მზე მოადგებოდა და ოქროსფრად ბრჭყვიალებდა და რაღაცის იმედს მჩუქნიდა… და, რაღა თქმა უნდა, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან — ოპერის თეატრის ფარდას რა დამავიწყებს…

© photo: courtesy of Lela Anjaparidzeლელა ანჯაფარიძე მამასთან ერთად ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში
ლელა ანჯაფარიძე მამასთან ერთად ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში - Sputnik საქართველო
ლელა ანჯაფარიძე მამასთან ერთად ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში

დღეს ჩვენი აივნის საპატიო სტუმარი გახლავთ ამ ფარდის ავტორი, შესანიშნავი ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრალური მხატვარი და საოცარი პედაგოგი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატი სერგო ქობულაძე, რომელიც დაიბადა 1909 წლის 25 იანვარს, მაგრამ, როგორც მასპინძელმა და ქართველმა, გუშინ ჩვენი აივანი ვლადიმერ ვისოცკის დაუთმო და ერთი დღის დაგვიანებით ამობრძანდა.

უდიდესია ბატონი სერგოს ღვაწლი ქართულ კულტურაში. სხვა თუ არაფერი, ის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრატორი იყო და ამაზე დიდი პატივი ქართველი მხატვრისთვის, ალბათ, არ არსებობს.

მე კი ისევ მის ფარდას დავუბრუნდები, რადგან მგონია, რომ მას ბატონი სერგოს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

ის ძალიან ლამაზი იყო და მძიმე, მთელ სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფდა — სივრცე ფარდის გარეთ და სივრცე ფარდის შიგნით… გარეთ იყო ჩვეულებრივი ცხოვრება — სახლი, სკოლა, ეზო… ფარდის შიგნით კი ნამდვილი ზღაპარი იწყებოდა. სცენის უკან განთავსებული იყო რეკვიზიტების საამქრო, რომლის უფროსი იყო საოცრად თბილი და ტკბილი ქალბატონი ეთერი. სკოლიდან ოპერის თეატრში რომ შემოვიდოდი, მასთან მივრბოდი ხოლმე. ის ჩამეხუტებოდა და მერე უკვე მერამდენედ, მობეზრების გარეშე დავივლიდი მის საფლობელოს. რას არ ნახავდით აქ — შპაგებს და პისტოლეტებს, სანთლისგან დამზადებულ ხილს, მოოქროვილ ჭურჭელს, გალიაში დამწყვდეულ ფასკუნჯებს, რაც მთავარია, ბრჭყვიალა სამკაულებს, რომლებიც დღემდე ყველა ბრილიანტს მირჩევნია…

საამქროს უკან კი ეკიდა მსახიობების კოსტიუმები, პრიმადონებისა და სოლისტი მამაკაცების ტანისამოსისთვის ცალ-ცალკე ადგილები იყო გამოყოფილი… ვინ მოთვლის რამდენჯერ მომისინჯია ცისანა ტატიშვილის, მედეა ამირანაშვილის, ნათელა ტუღუშის, ლამარა ჭყონიას ულამაზესი კაბები. რაც შეეხება ბალერინებს, სამწუხაროდ, მათ პაჩკებში ვერ ვეტეოდი, პუანტებზე რომ აღარაფერი ვთქვა, რადგან ლამის მთლად ბავშვობიდან ფეხის ზომა 40 მქონდა და, აბა, სად გინახავთ 40 ფეხის ზომის მქონე ბალერინა?

დღის განმავლობაში ბატონი სერგოს ფარდა არაფრით გამოირჩეოდა, უბრალოდ ეკიდა, მაგრამ საღამოს 8 საათის წკიპზე ისეთი გრძნობა გრჩებოდა, თითქოს იღვიძებდა…

როდესაც დედიკოსთან და ბებიასთან ერთად ლოჟაში ვსხდებოდით, ორკესტრანტები გაემზადებოდნენ დირიჟორის შემობრძანებისთვის, მთავარ დატვირთვას თავის თავზე ოპერის თეატრის ჭაღი იღებდა – ის ნელ-ნელა ქრებოდა, საოცრად ლამაზად… მე თავს ავწევდი ხოლმე და თვალებში პატარა მოციმციმე წერტილები შემომრჩებოდა… იწყებოდა უვერტიურა და სერგო ქობულაძის ფარდაზე არფასთან მოკალათებული ლამაზი და ამაყი აპოლონი ნელ-ნელა ზევით იწეოდა – მედიდურად და დიდმნიშვნელოვნად…

© Sputnik / STRINGERსერგო ქობულაძის სახელგანთქმული ფარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
სერგო ქობულაძის სახელგანთქმული ფარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში - Sputnik საქართველო
სერგო ქობულაძის სახელგანთქმული ფარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

1973 წელს, როდესაც ოპერის თეატრი დაიწვა, მამამ მიმიყვანა იქ და ჭაღის რამდენიმე დამწვარი და დამდნარი ნატეხი წამოვიღე… ალბათ, სწორედ მაშინ დასრულდა ჩემი ბავშვობა.

ყველაზე ძალიან გული მტკიოდა ბატონი სერგოს ფარდაზე და სცენის ქვემოთ გამავალ იმ დერეფანზე, რომლითაც ოპერის ბუფეტში დავდიოდი, საორკესტრო ორმოს გავლით, და იქ კი საოცრად ლამაზი, თხელი და გეტრებჩაჩაჩული ბალერინები მხვდებოდნენ…

მერე ისე მოხდა, რომ საქართველოდან სამუშაოდ დიდი ხნით წავედი საზღვარგარეთ, და რომ ჩამოვედი, განახლებული ოპერის თეატრის გახსნის დღეც დადგა…

როგორ მოვხვდი პრემიერაზე — ეს ცალკე საუბრის თემაა, მთავარია, რომ მოვხვდი და თანაც პირველ რიგში ვიჯექი. როდესაც სერგო ქობულაძის ბოლო ესკიზის მიხედვით განახლებული ფარდა აიწია ზაქარია ფალიაშვილის ჰანგების თანხლებით, გული გამიჩერდა.

აბა, რა გითხრათ… ახალი ფარდა ძველს ძალიან ჰგავდა, მაგრამ რაღაც „ნამეტანი ახალი“ და პრიალა იყო. იცით, რა აკლდა? – ნაოჭებში ლამაზად ჩახუტებული სცენის მტვერი, სხვანაირი სიძველე და გულით გაცვეთილობა.

ფარდა კი ცვდება არა მხოლოდ იმით, რომ ხშირ-ხშირად იწევა, არამედ იმითაც, რომ ამ აწევ-დაწევებს ის საოცარი ემოციები მოჰყვება, რაც მე და ჩემზე წინა თაობებს გვახსოვს.

ამიტომაც მოკრძალებითა და მოწიწებით გთხოვთ – ვატაროთ ბავშვები ოპერის თეატრში. ოპერა მულტფილმი ნამდვილად არ არის და ის რომ შეიყვარო და ბოლომდე გაითავისო, შეჩვევა და კულტურის გამომუშავება სჭირდება.

არ დავიზაროთ – ცოტათი გავახუნოთ შესანიშნავი ქართველის და საოცარი შემოქმედის სერგო ქობულაძის ფარდა და ცოტა უფრო თავდაჭერილად დახვეწილი გავხადოთ სვაროვსკის განუმეორებელი ჭაღი…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და სიფრიფანა ფარდასავით გამჭვირვალე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0