ბასილაშვილი მემფისში АТР სერიის ტურნირის ფინალში დამარცხდა

© ATP World Tourნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მემფისში АТР სერიის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა 150 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 53–ე ადგილზე გადაინაცვლა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისში АТР სერიის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა ანგარიშით 1:6, 4:6.

ეს ფინალი ორივე ჩოგბურთელისთვის მნიშვნელოვანი იყო. გამარჯვების შემთხვევაში თითოეული მათგანი АТР სერიის ტურნირის გამარჯვებული კარიერაში პირველად გახდებოდა. ამჯერად ჰარისს უფრო მეტად გაუმართლა.

პირველი პარტია ქართველი ჩოგბურთელისთვის კატასტროფული იყო — ის თამაშში ვერ ჩაერთო. ამის შედეგი გახდა არასახარბიელო ანგარიში 1:6, თუმცა თავად თამაშის ხარისხი, რომელიც ბასილაშვილმა აჩვენა, არც ისე ცუდი იყო. პროფესიონალიზმის ხარისხითაც ორივე სპორტსმენი ერთ დონეზეა — ჰარისონიც და ბასილაშვილიც (მატჩის დაწყებამდე) АТР-ს რეიტინგის მეექვსე ათეულში იყვნენ.  

ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი მემფისში საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

მეორე სეტში ბასილაშვილმა თითქოს შეძლო სიტუაციის მის სასარგებლოდ წარმართვა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად 2:2 ანგარიშის დროს თავისი ჩაწოდება წააგო. შემდეგ გეიმში მას წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა. ჰარისონი თავის ჩაწოდებაზე ანგარიშით 0:40 აგებდა. სამმაგი ბრეიკ–პოინტი — უკეთესი რა უნდა ყოფილიყო.

თუმცა ბასილაშვილმა ეს გეიმი მაინც წააგო.

მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს 12 (!) ბრეიკ–პოინტი ჰქონდა და ვერც ერთის რეალიზება ვერ შეძლო.

ანალოგიური სიტუაცია პარტიის ბოლოს ჩამოყალიბდა, როდესაც ამერიკელის ჩაწოდება იყო. ანგარიში 15:40 იყო, თუმცა ბასილაშვილმა ბრეიკს ვერ მიაღწია, შედეგად მან წააგო გეიმი, სეტი, მატჩი და ტიტულიც.

„პირველ სეტში ჩემი რიტმი ვერ ვიპოვე. საკმარისად აქტიურად არ ვთამაშობდი, უმეტესად თავს ვიცავდი. რაიანი ბრეიკ-პოინტებზე კარგად აწვდიდა. მეორე სეტში ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ ენერგია არ მყოფნიდა. ერთი ბრეიკი მაინც რომ გამეკეთებინა, ყველაფერი სხვაგვარად წავიდოდა. ძალიან საწყენია, მაგრამ ამ მატჩიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანო“, — განაცხადა ბასილაშვილმა.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში 20 საფეხურით დაწინაურდა

ფინალში მარცხის მიუხედავად მემფისში გამოსვლა ბასილაშვილმა თავის აქტივში უნდა ჩაიწეროს. თავისი კარიერის განმავლობაში АТР-ს ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მეორედ ითამაშა (ერთი წლის წინ ის კიცბიუელში ასევე ტურნირის ფინალში გავიდა), დაიმსახურა 150 სარეიტინგო ქულა, თავისი საბანკო ანგარიში 60000 დოლარით გაზარდა და, რაც ყველაზე მთავარია, მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამ კვირაში ბასილაშვილი АТР 250 სერიის მორიგ ტურნირში — Delray Beach Open მიიღებს მონაწილეობას. პირველ რაუნდში მისი მეტოქე 38 წლის გერმანელი ტომი ჰაასი იქნება.

რამდენიმე დღის წინ „Sputnik–საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბასილაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონზე მას ორი ძირითადი მიზანი აქვს — АТР სერიის ერთ–ერთი ტურნირის მოგება და წლის ბოლომდე მსოფლიო რეიტინგის ტოპ-50-ში მოხვედრა. თუ საქართველოს პირველი ჩოგანი გამოსვლებს ასევე გააგრძელებს, სავარაუდოა, რომ ორივე მიზანი მიღწეული იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0