თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ იმიგრაციული სამსახურისთვის ახალი დირექტივები შეიმუშავა, რაც უწყებას საშუალებას მისცემს, დეპორტირებულთა რაოდენობა პროცესის ადრეულ ეტაპზე თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმით გაზარდოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
ახალი დირექტივების თანახმად, რომლებიც ჯერ ისევ მონახაზის სახით არსებობს და არ დაგზავნიათ ადგილობრივ განყოფილებებს, თავშესაფრის მიმნიჭებელი სამსახურის თანამშრომლებმა აუცილებლად უნდა მოიპოვონ ყველა აუცილებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელ პირს მართლაც ემუქრება რეალური საფრთხე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
სააგენტო იმ სამ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც კარგად იცნობენ ახალი ინსტრუქციების მონახაზს, იუწყება, რომ დირექტივების მიზანია, კიდევ უფრო გამკაცრდეს თავშესაფრის მიღების მსურველთა თავდაპირველი შემოწმება. ამისათვის სამსახურის თანამშრომლებს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მიენიჭებათ იმის დასადგენად, თუ რომელ განმცხადებელს აქვს საიმიგრაციო სასამართლოსგან დადებითი პასუხის მიღების რეალური შანსი.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ: დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „უცხოელი ტერორისტების შეღწევისგან ქვეყნის დაცვის შესახებ“, რომელიც აშშ-ში შესვლას 90 დღით უკრძალავს შვიდი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. გარდა ამისა, ბრძანებულება ნებისმიერი ქვეყნიდან ლტოლვილების მიღებას 120 დღით აჩერებდა, ხოლო სირიიდან — განუსაზღვრელი ვადით.
ბრძანებულებას პროტესტი მოჰყვა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიო საზოგადოებაშიც. სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივ შეაჩერა დონალდ ტრამპის ბრძანებულება მიგრაციის შესახებ.
მოგვიანებით აშშ-ის მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლომ (ეს აშშ-ის სააპელაციო ინსტანციის ფედერალური სასამართლოა, რომელიც აიდაჰოს, ალიასკის, არიზონის, ვაშინგტონის, კალიფორნიისა და სხვა შტატების საქმეებს განიხილავს) უარი თქვა განსახილველად მიეღო იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, რომლითაც უწყება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმიგრაციული ბრძანებულების მოქმედების აღდგენას მოითხოვდა.
პასუხად იუსტიციის სამინისტრომ თავად თქვა უარი აპელაციაზე და განაცხადა, რომ ამზადებს პრეზიდენტის ახალ ბრძანებულებას, რომელშიც სასამართლოს შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.
რაც შეეხება თავად პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე ახალ ბრძანებულებას გამოსცემს.