თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მეორედ აღნიშნავენ — 16 თებერვალს თბილისში დაგეგმილია პოეტური საღამოები და ყოველწლიური პრემიის „წლის წიგნის ქომაგის“ გადაცემის ცერემონია.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე (World Read Aloud Day) კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად ასობით ქვეყანაში ტარდება და 30 მლნ-ზე მეტი კითხვის მოყვარული ესწრება. საქართველო ამ დღესასწაულს გასულ წელს შეუერთდა.
კაფე „მზიურში“ გაიმართება პოეტური საღამო, სადაც შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსნიდან ნაწყვეტებს წაიკითხავენ მწერალი და მუსიკოსი ტორესა მოსი (ვახტანგ მოსიაშვილი), მწერალი ზვიად კვარაცხელია და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჯარო კითხვას შეუერთდეს.
გარდა ამისა, ამ დღეს ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ქვეყნის მასშტაბით ეწვევიან საბავშვო ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს, წიგნის მაღაზიებს და საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება, სადაც ქართველი მწერლები დათო ტურაშვილი, დიანა ანფიმიადი და ნესტან-ნენე კვინიკაძე წაიკითხავენ საკუთარ ნაწარმოებებს და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
იქვე გაიმართება ყოველწლიური პრემიის „წლის წიგნის ქომაგის“ გადაცემის ცერემონია.
საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, მხარდამჭერია საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld.
„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Facebook-ში უკვე დაიწყო საუკეთესო მკითხველის კამპანია. ამისთვის მსურველებმა 16 თებერვლამდე უნდა წაიკითხონ საკუთარი ან უბრალოდ საყვარელი მხატვრული ტექსტი, გააკეთონ ვიდეოჩანაწერი, ატვირთონ და გაავრცელონ Facebook-ზე.
გამოვლინდებიან საუკეთესო მკითხველები და მათ ეროვნული ცენტრისგან დასკვნით ღონისძიებაზე წიგნები გადაეცემათ.