თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“, რომლის მთავარ მიზანს კითხვის პოპულარიზაცია წარმოადგენს, ამჟამად თბილისის სკოლებში დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 1 თებერვალს თბილისის №55 საჯარო სკოლის უმცროსი კლასების მოსწავლეებს პოეტი მარიამ წიკლაური ეწვია. შეხვედრას პროექტის ავტორი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძეც ესწრებოდა, რომელმაც პატარებისთვის ნოდარ დუმბაძის ლექსები წაიკითხა. ამავე სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრა გამართეს დღეს მწერლებმა რეზო თაბუკაშვილმა და გაგა ნახუცრიშვილმა.
პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში დღეს გაიმართა ასევე შეხვედრები მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლაში, ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლასა და სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლაში. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა ვასო გულეურმა, გიორგი კაკაბაძემ, დათო ყანჩაშვილმა, მარიკა მამალაძემ, ნინო გუგეშაშვილმა, ირაკლი შამათავამ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 70-მდე თანამედროვე ქართველი მწერლის შეხვედრა თბილისის 150 სკოლის მოსწავლეებთან, ნათქვამია კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მასშტაბური პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 აპრილს დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მწერალი სტუმრობდა მკითხველებს ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ მკითხველი მწერლების შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო-სპექტაკლის სახით ეცნობა.
პროექტ „ცოცხალი წიგნების“ მსვლელობისას მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის საფუძველზე წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა.
2015 წელს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა.