თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ქართველმა მოსწავლეებმა 2009 წელთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენეს როგორც მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე წაკითხულის გააზრებაში, იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეს-სამსახური.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) საქართველოში კვლევებს 2009 წლიდან ატარებს. კვლევის მიზანია, შეამოწმოს 15 წლის მოზარდების მზადყოფნა – გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს.
PISA-ს კვლევას ახორციელებს ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD). საქართველო პირველ ხუთეულშია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც წინა ციკლებთან შედარებით შედეგი სამივე მიმართულებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველ მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებელი 2009 წელთან შედარებით 23 ქულით გაიზარდა, წაკითხულის გააზრებაში — 16 ქულით, მათემატიკაში — 15 ქულით. აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში ქართველი გოგონები უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები.
გაუმჯობესების ტენდენციის მიუხედავად ქართველი მოსწავლეების მიღწევები სამივე სფეროში OECD-ს საშუალო ქულაზე მნიშვნელოვნად დაბალია. მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით შედგენილი რეიტინგული სიის სათავეში სინგაპური, იაპონია, ესტონეთი, ტაივანი და ფინეთი მოექცნენ.
PISA-2015 სულ 72 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის 35 OECD-ს წევრია. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი არ არის, თუმცა მოსწავლეთა შეფასების კვლევას აქტიურად უერთდება. კვლევაში დაახლოებით 540 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა, აქედან 6 ათასი ქართველი მოსწავლე იყო, რომლებიც, თავის მხრივ, 263 სკოლიდან შეარჩიეს. შემდეგი კვლევა 2018 წელს ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი PISA-ს კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით ახორციელებს.