თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში ნატოს წევრი-ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, სადაც უკვე გამართა შეხვედები რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან ბენიამინ ლეშესთან და ლიტველ კოლეგა რაიმუნდას კარობლისთან.
იზორიამ ლიტვის თავდაცვის მინისტრს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. რაიმუნდას კარობლისმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ხუთშაბათს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
„საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელთანაც კომისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ხვალ ჩვენთვის დიდი პატივია ჩვენი რეფორმების შესახებ ინფორმაცია წარვადგინოთ და ნატოს წევრი-ქვეყნებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღოთ“, — განაცხადა იზორიამ.
2016 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 2017 წლის თებერვალში ალიანსს დაგეგმილი აქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხის საბოლოო შეთანხმება. გადაწყვეტილება 2016 წლის ვარშავის სამიტზე მიიღეს. რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები საქართველომ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს უკვე გააცნო.
„ჩვენ საფუძვლიანად ვიმუშავეთ. ჩვენი კონკრეტული წინადადებები იმის შესახებ, თუ საქართველო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კონკრეტულად როგორი ფორმით ჩაერთვება პრაქტიკულ ღონისძიებებში, უკვე წარვადგინეთ. საქართველო უკვე ჩართულია სტრატეგიულ დისკუსიაში, მაგრამ აქ საუბარი მიდის პრაქტიკულ ღონისძიებებზე“, — აღნიშნა იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაგეგმილი აქვს შეხვედრა ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან, ასევე თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი-ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო მომავალში ნატოს წევრი-ქვეყანა შეიძლება გახდეს. 2011 წელს საქართველომ „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.