გვარამიამ საქართველოს შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობა გამოუცხადა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს, სადაც ის აუდიოჩანაწერის გავრცელების საქმეზე გამოიძახეს. ჩანაწერში გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს ესაუბრება.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, რომ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია. ჩანაწერი 2016 წლის ოქტომბერში გავრცელდა. გვარამია ახვლედიანს მოსამართლეებზე და ვიღაცისთვის თანხის — 6 მილიონის ნაწილის გადაცემაზე ესაუბრება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მოსამართლისთვის ქრთამის მიცემასთან დაკავშირებით გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

„მე არ მივდივარ დაკითხვაზე. მე არ ვენდობი საქართველოს შსს-ს, არ ვენდობი იმ სამინიტროს, რომელიც აყალბებს ექსპერიტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ ჩემს დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით“, — განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე.

დავით საყვარელიძე - Sputnik საქართველო
კომპრომატების ომი: სააკაშვილის თანამებრძოლის განცხადება და „რუსთავი 2“-ის საქმე

თავის დროზე გვარამიამ აღიარა, რომ ახვლედიანთან საუბარი თვითონ ჩაიწერა, მაგრამ მისთვის გაუგებარია, როგორ მოხვდა აუდიოფაილი ინტერნეტში. ამჯერად გვარამიამ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებულია და არ შეიძლება იყოს ნამდვილი, როგორც ამას შსს აცხადებს.

„საუბარი მიდის სამ ადამიანს შორის. მიაქციეთ ამას ყურადღება. იქ სამი მონაწილეა. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე ადამიანს და აბსოლუტურად სხვა თემაზე და ვესაუბრები ”რუსთავი 2”-ის ვალებზე. ეს ადამიანი არის ხელისუფლებასთან დაახლოებული, მე ის არ დავასახელე, რადგან ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას. ეს მესამე ადამიანი გვეუბნება, როგორ აპირებს ხელისუფლება ჩვენს „გაგუდვას“ მათ შორის ჩვენი ვალების საშუალებით“, —  განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნული საუბარი 2015 წელს გაიმართა, როდესაც ახვლედიანი ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. გვარამიას თქმით, ახვლედიანმა ის შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის განსახილველად მიიწვია.

წყალდიდობა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს - Sputnik საქართველო
მილიონიანი საქმე: მოსამართლე ნაზღაიძე და „რუსთავი 2“

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანიის დაბრუნება მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა. ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოშია გადაცემული.

გვარამიამ ხაზი გაუსვა, რომ მისი დაპატიმრების შემთხვევაში „რუსთავი 2“–ს მისი მოადგილე და საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი ზაალ უდუმაშვილი უხელმძღვანელებს.

გვარამიამ ასევე საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელიც კვირას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 14:30 საათზე ჩატარდება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით „კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა“ და „პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის საიდუმლოების უკანონოდ დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0