თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმასთან მერიის „გარიგების“ გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მას დაახლოებით 1 მილიონი ლარი უნდა მიეღო.
დეპუტატები მოსამართლე ნაზღაიძით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ოპოზიციურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მას მერიიდან ქრთამის მიღებაში დასდო ბრალი. საუბარია 2015 წლის 13 ივნისს დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთისთვის გამოწერილ კომპენსაციაზე, რომელიც ვერეს ხეობაში მდებარეობდა. მიწის ნაკვეთი მოსამართლის ძმას ზვიად ნაზღაიძეს ეკუთვნოდა.
2016 წლის დეკემბერში თბილისის საკრებულოს განკარგულებით თბილისის მერიამ ზვიად ნაზღაიძეზე კომპენსაციის სახით 5000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადააფორმა, რომლის ღირებულება 515 460 ლარია. ნაკვეთი საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს.
გარდა ამისა, თბილისის მერიამ ზვიად ნაზღაიძის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 129 308 ლარი და 42 823 აშშ დოლარი. ქალაქის ხელისუფლება დამატებით 220 000 ლარის გადარიცხვასაც აპირებს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერეს ხეობაში მდებარე ნაკვეთის რეალური ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზვიად ნაზღაიძემ მიიღო. ამის შესახებ მათ მას შემდეგ განაცხადეს, რაც საჯარო რეესტრიდან შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვეს.
დოკუმენტების თანახმად, 2013 წლიდან 2016 წლამდე ვერეს ხეობაში მდებარე ნაკვეთის მფლობელი „საქართველოს ბანკი“ იყო. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, წყალდიდობამდე ნაკვეთის ღირებულება 971 000 ლარს შეადგენდა, წყალდიდობის შემდეგ კი — 23 000 ლარს.
ვერეს ხეობაში მდებარე ნაკვეთის პირობითი მფლობელი ნაზღაიძე 2016 წლის 29 ნოემბერს გახდა, სულ ცოტა ხნით იმაზე ადრე, სანამ საკრებულო წყალდიდობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გადაწყვეტდა, განაცხადა საკრებულოს ფრაქციის „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.
„ჩვენ ერთად შევიმუშავეთ დადგენილების პროექტი და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მის განხილვას მოვითხოვთ. ამ დადგენილებით საკრებულოს შეუძლია 23 დეკემბრის იმ განკარგულების გაუქმება, რომლითაც თბილისის მერიამ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახთან ერთმილიონიანი კორუფციული გარიგება დადო და საკრებულოს საქმის მნიშვნელოვანი ვითარება დაუმალა“, — განაცხადა საკრებულოში „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
დადგენილების პროექტი ერთობლივად შეიმუშავეს დეპუტატებმა ფრაქციებიდან: „რესპუბლიკელები“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა სევდია უგრეხელიძემ და ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციამ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლები, თავის მხრივ, გარიგების კანონიერების შესახებ აცხადებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ არანაირი კორუფციული გარიგება არ ყოფილა, „რუსთავი 2“ კი მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძე თავის დროზე „რუსთავი 2“-ის მისი ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის საქმე იხილავდა. 2016 წლის ივნისში სასამართლო კოლეგიამ ნაზღაიძის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა, რასაც ოპოზიციამ და ტელეკომპანიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ხელისუფლების შეკვეთის შესრულება უწოდა.
„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ნაზღაიძეს გადაწყვეტილებისთვის ამგვარად, დაახლოებით ერთი მილიონი ლარით „გადაუხადა მადლობა“.
ამჟამად „რუსთავი 2“-ის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოშია გადაცემული.